საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ხუთი ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს.

საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 10 კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ - გიორგი ბახტაძე, დავით ყაზარაშვილი, ზვიად გუბელაძე, ემზარ გაგნიძე და ლონდა ბიჭიკაშვილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები წარადგინა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, დღეს ყველა გამარჯვებულია, რადგან თითოეულმა კანდიდატმა ამ პროცესში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თვითმმართველობის გაძლიერებაში და პროკურატურის განვითარებაში.

ასევე, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წინა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა.

„ელექტრონული კენჭისყრა, წინ გადადგმული ნაბიჯია და გამჭვირვალობის, ეფექტიანობის, ადამიანური რესურსის და დროის დაზოგვის მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. გენერალურმა პროკურორმა ამ შესაძლებლობისთვის და გაწეული შრომისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროკურატურის შიდა ცენტრალურ კომისიას მადლობა გადაუხადა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამაც პროკურატურის მართვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა პროკურორის და გამომძიებლის ჩართულობა გააძლიერა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები ჩართულები არიან პროკურატურის მართვის კოლეგიური საბჭოების საქმიანობაში და მონაწილეობენ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის - გენერალური პროკურორის არჩევა, მისი მოადგილეების დისციპლინარული დევნა, პროკურორების წახალისება და დაწინაურება, მათი დისციპლინარული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ახალი თანამშრომლების მიღება, პროკურორების რანგირება და შეფასება, სტრატეგიის და სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, მოდიფიცირება თუ სხვა.

„ამ ჩამონათვალით ნათელია თუ რაოდენ დიდი რეფორმა გატარდა ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში. მე ამ რეფორმების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი 2015 წლიდან და შედეგი, რომელსაც ვხედავ, ძალიან საამაყოა ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ის რეფორმა, რაც გავატარეთ, ცალსახად გამართლებულია. ამ შედეგებით, რომელიც პროკურორთა თვითმმართველობის გაძლიერების მხრივ გვაქვს, მოწინავეები ვართ ევროპის მასშტაბით. დღეს მიდის მსჯელობა ბევრ ქვეყანაში მსგავსი კოლეგიური მართვის ორგანოების შექმნაზე“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.

საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.

საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუვენსი, საქართველოს პროკურატურის, მედიის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა