კახა კალაძე - პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ისინი, ვინც სტატუსის მიღებას ხელს უშლიან - ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. იგივე ვითარება და მდგომარეობა იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს“.

კალაძის თქმით, ის ადამიანები და პარტიები, რომლებზეც სამნიძე საუბრობდა, არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია.

„ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. იგივე ვითარება და მდგომარეობა იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ასოცირების ხელშეკრულებას სანამ მოეწერებოდა ხელი და დღესაც, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ იმისი მცდელობა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, ეს არის „ლელო“ და გვარამია. ეს ადამიანები, კონკრეტული სახელი და გვარებით ვამბობ, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, ჩვენი უცხოელი მეგობრები ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გვესაუბრებიან. ალბათ, ქალბატონი სამნიძეც დაადასტურებს და დაასახელებს ამ ადამიანების ვინაობას. საზოგადოებამ უნდა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი - რომელია ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს და განვითარებას. შენ შეიძლება იყო დღეს ოპოზიციაში და რაღაცაში არ ეთანხმებოდე ხელისუფლებას, გქონდეს პოლემიკა და განსხვავებული აზრი, მაგრამ როდესაც საუბარია ევროპულ მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე და ყველაფერ ამას ეწინააღმდეგები და ხელს უშლი, ეს არის ძალიან დიდი ბოროტება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება