შვედეთის ფერმერთა ფედერაციამ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდს, შვედეთში უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შვედმა კოლეგებმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდს ორგანიზაციული სტრუქტურის, მმართველობის, დაფინანსების, ფერმერთა ინტერესების, ადვოკატირების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, განათლებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ფერმერთა ფედერაციამ ქართველ კოლეგებს რეგიონული ოფისის მუშაობა გააცნო. ასევე, მწვანე ინდუსტრიის ჰაბში #Vreta Kluster - ში, აგრიტექ და აგროინვაციების 2030 წლის დღის წესრიგის გარშემო დისკუსია გაიმართა, რომელსაც დარგის ექსპერტები და ფერმერები ესწრებოდნენ.
ასოციაციის გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც კოოპერატივ #Lantmännen-ში, Axel Lagerfelt-ისა და Birgitta Ulväng-ის ფერმებში ვიზიტისას მიიღეს.
სასწავლო ვიზიტის დასასრულს, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (სიდა) სათავო ოფისის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას, რომელსაც სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი ელისაბედ სიმელტონი ხელმძღვანელობდა, ქართველმა და შვედმა კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, თამარ თორიამ, შვედეთის ფერმერთა ფედერაციას მასპინძლობისთვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„შვედეთში ვიზიტი, რომელიც დაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდი შვედეთის ფერმერთა ფედერაციას მასპინძლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ხოლო სიდა-ს და შვედეთის საელჩოს საქართველოში იმ მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ეს ვიზიტი ვერ შედგებოდა. მიღებულ გამოცდილებას გადმოვიტანთ პრაქტიკაში, რითაც კიდევ უფრო გავამდიდრებთ ჩვენს საქმიანობას”, - აღნიშნა თამარ თორიამ.