ლევან დავითაშვილი - ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ღირსეულად უმასპინძლოს

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის სილქ როუდ ფორუმის“ გახსნის წინ ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილი დღეს პირადად გაეცნო საორგანიზაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც გახსნის ცერემონია და რამდენიმე პანელური სესია შედგება და სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც ასევე რამდენიმე პანელური სესია და პარალელური ღონისძიებები გაიმართება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმი იმითაა გამორჩეული, რომ გარდა უმაღლესი დონის დელეგაციებისა - პრემიერების, ვიცე- პრემიერების, მინისტრების დონეზე, ღონისძიებაზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი ბიზნეს-სექტორი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოში არსებული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის გამოძახილი და ასევე იმ წარმატების, რომელიც ეკონომიკური კუთხით ქვეყანას აქვს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აბრეშუმის გზის ფორუმს“ თბილისი 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ