ცესკო აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციების მე-11 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან (უსკო) ერთად საარჩევნო ადმინისტრაციების მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს.

კონფერენციის მთავარი თემაა - „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია არჩევნებში“.

„ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვა - გამოწვევები და ეფექტური გადაწყვეტილებები; ციფრული ტექნოლოგიები არჩევნებში; საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია და მისი პოტენციური გავლენა საარჩევნო შედეგებზე; ამომრჩეველთა ჩართულობის გაძლიერება ამომრჩეველთა განათლების უზრუნველყოფითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა - შეხვედრის მონაწილეები ამ საკითხებზე ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს გაუზიარებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია „ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში“. მან დეტალურად ისაუბრა ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტების გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება ხელს უწყობს როგორც ეფექტურ თანამშრომლობას, ასევე სანდო არჩევნების ჩატარებას და ზოგადად დემოკრატიის განვითარებას.

„წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია საშუალებას გვაძლევს ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ არჩევნებში ინოვაციური და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებასთან დაკავშირებული გამოცდილება. განვიხილოთ და ვისაუბროთ ამ პროცესის გარშემო არსებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებზე და ამ გამოწვევების გადალახვის საუკეთესო პრაქტიკაზე, რომელიც შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი თავისებურებით ხასიათდებოდეს. ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ თუ რაოდენ დიდი ნეგატიური და დამაზიანებელი გავლენა აქვს ან შეიძლება ჰქონდეს მას საარჩევნო პროცესებზე და ზოგადად საარჩევნო ინსტიტუციებზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს უშლის არჩევნების მთლიანობას. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ტექნოლოგიების გამოყენებასა და განვითარებასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების გაცნობა და გაზიარება. რადგან ყველა პროცესი, რომელიც ღიაა მრავალი მხარის ჩართულობისთვის, რომელსაც თან ახლავს გამოცდილების გაზიარების და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის პრაქტიკა, წარმატებისა და განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა“, -აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ. „ჩვენ ვართ თანამასპინძელი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების, საკითხები რა თქმა უნდა არის აქტუალური, როგორც საქართველოსთვის ის მთელი მსოფლიოსთვის და ძირითადად ეხება დეზინფორმაციის გავრცელების სიმწვავეს და პრობლემას, რომელიც საარჩევნო პერიოდში მეტად იჩენს თავს“.

საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ევროსაბჭოსა (CoE) მხარდაჭერით გაუწიეს.

კონფერენცია 25-26 ოქტომბერს ბათუმში იმართება. მასში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი 25-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო