გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ დღეიდან 27 ოქტომბერს დაიწყო და სააქციო წიგნების ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება. მკითხველებს საშუალება ექნებათ, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“ სასურველ ფასად შეიძინონ და გადახდილი თანხით თბილისის უსინათლო და მცირემხედველთა სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო სერვისები დაუფინანსონ.
აქციის ფარგლებში შერჩეულ წიგნებს არ აქვს ფიქსირებული ღირებულება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მკითხველის მიერ 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად მოხმარდება უსინათლო და მცირემხედველთა სკოლის მოსწავლეებს.
გამომცემლობაში აღნიშნავენ, რომ აქციაში მკითხველი ყოველთვის აქტიურად ერთვება და ახლაც მაღალ აქტივობას ელოდებიან. აქციაში - „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ჩართვა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. წიგნები კი „ბიბლუსის“ მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ აქციის დასრულების შემდეგ საჩუქრები და სიურპრიზები გელით, ამიტომაც შეინახეთ გადახდის ქვითარი.
(R)