გიორგი აბაშიშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ისტორიული დატვირთვაც აქვს - აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი წარმომადგენლები ერთად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და მათი მხრიდან როგორც სამშვიდობო, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივები გაჟღერდა

„აბრეშუმის გზის ფორუმს“ გარკვეულწილად ისტორიული დატვირთვა აქვს - აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი წარმომადგენლები პანელურ დისკუსიაში ერთად მონაწილეობდნენ და მათი მხრიდან სწორედ საქართველოში გაჟღერდა როგორც სამშვიდობო, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივები, სადაც სრულიად ფიგურირებს საქართველო,- ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს იყო პირველი ფორუმი, როდესაც ერთად აღებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგენელი განსაკუთრებული იყო.

„ამ ფორუმს, მთლიანობაში, ჩემი აზრით, გარკვეულწილად ისტორიული დატვირთვა ჰქონდა, ორი კომპონენტის გამო: პირველი ის, რომ ამ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს იყო პირველი ფორუმი, როდესაც განსაკუთრებული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური, საინვესტიციო მდგენელი ერთად აღებული; არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომ ჩვენს რეგიონში საკმაოდ რთული ვითარების მიუხედავად, ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ ვითარებას, ახალ სტატუს კვოს ყარაბაღთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, პირველად მოხერხდა, რომ ორი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები ფორუმზე იყვნენ არა მხოლოდ უბრალოდ წარმოდგენილები, არამედ, მონაწილეობდნენ როგორც პანელურ დისკუსიაში, ისე ორმხრივ შეხვედრებში. პანელურ დისკუსიაში ისინი ერთად მონაწილეობდნენ, ანუ, ფორუმის სრულფასოვანი წევრები იყვნენ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ლიდერის მხრიდან სწორედ საქართველოში გაჟღერდა როგორც სამშვიდობო, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივები. საინტერესოა, რომ ამ ინიციატივებში სრულიად ფიგურირებს საქართველო”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გარდა ამისა, აბაშიშვილის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, არის შესაძლებლობა, როდესაც ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველო რეალურად იყოს დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის.

„როდესაც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შინაარსზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური ინვესტორების მხრიდან ველოდეთ სტრატეგიულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს - არა მხოლოდ საქართველოს ზოგადსაინვესტიციო გარემოდან მისაღებ გადაწყვეტილებებს, არამედ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ახლა, როგორც არასდროს, არის შესაძლებლობა, როდესაც ყველა მხარე არის დაინტერესებული, რომ საქართველო რეალურად იყოს დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. მათ შორის იყოს იმ ძირითადი დატვირთვის მატარებელი ქვეყანა, რომელსაც ჩვენგან ითხოვს ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები აზიიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე