გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის (OTIF) გენერალურ მდივანს შეხვდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის (OTIF) გენერალურ მდივან, ვოლფგანგ კუპერს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ასევე სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ერეკლე კეჟერაშვილი დაესწრო.

„შეხვედრაზე საქართველოს სარკინიგზო სექტორში მიმდინარე რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც, უსაფრთხოების ტექნიკური მარეგულირებელი ორგანო - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო უკვე ჩამოყალიბდა. აღინიშნა, რომ რეფორმა საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობის გაზრდას და განვითარებას ხელს შეუწყობს.

შეხვედრაზე OTIF-ის გენერალურმა მდივანმა საქართველოს სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ მოქმედი საერთაშორისო კონვენციისა და OTIF-ის მოთხოვნების იმპლემენტაციის კუთხით დახმარებაზე გამოხატა მზაობა. ვოლფგანგ კუპერმა ქართულ მხარეს OTIF-ის საქმიანობის მხარდაჭერისთვის და მასში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორის ამ ორგანიზაციის ადმინისტრაციული კომიტეტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ აქტიურ წევრსაც წარმოადგენს საქართველო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება