„თეგეტა აკადემიაში” ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს

„თეგეტა აკადემიაში“, USAID-ის მხარდაჭერით, ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს. ინფორმაციას „თეგეტა აკადემია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია სამშენებლო სექტორისთვის შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების მომზადება. სწავლება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, ექსკავატორის ოპერირების პროფესიას დაეუფლოს, ან კომპეტენცია გაიღრმაოს.

ექსკავატორის ოპერატორის სასწავლო კურსი ორი მოდულისგან შედგება. სტუდენტები, თეორიულთან ერთად, სიმულაციურ და პრაქტიკულ ტრენინგებსაც გადიან. მომზადება-გადამზადების კურსზე ამჟამად „თეგეტა აკადემიაში“ 15 სტუდენტი სწავლობს. 2-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ „თეგეტა აკადემია“ კურსდამთავრებულების დასაქმებაზეც იზრუნებს.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველი ეტაპის წარმატებით ჩახურვის შემდეგ, უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ. ვფიქრობ, რომ ეს კურსი კერძო სექტორისთვის ქმნის შესაძლებლობას, დაასაქმოს კვალიფიციური კადრები ან გადაამზადოს თანამშრომლები. ამასთანავე, ინდივიდებს ვთავაზობთ, აითვისონ ახალი პროფესია ან გაიღრმაონ ცოდნა-გამოცდილება. სიმულატორი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შევიძინეთ, სტუდენტებს პრაქტიკულ სწავლებაში ეხმარება. კურსის ბოლო ეტაპზე კი სტუდენტები რეალურ ტექნიკაზე გადიან სწავლებას“, - აცხადებს „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ცინარიძე.

ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა აკადემიის სტუდენტმა დავით გოქსაძემ. იგი ახლა სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგებს გადის. მისი თქმით, სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა „თეგეტა აკადემიაში“ ცოდნის გასაღრმავებლად მივიდა.

„ექსკავატორის ოპერატორის მომზადების კურსის შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვე. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი სამშენებლო სფეროში და მქონდა სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ ამ მიმართულებით მეტად განვვითარებულიყავი. „თეგეტა აკადემიაში“ უკვე გავიარეთ ექსკავატორის მახასიათებლები, მუშაობის სპეციფიკა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. ამ ეტაპზე პრაქტიკულ სწავლებას გავდივართ და ტექნიკას რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში ვცდით. ეს ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის და მჯერა, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს“, - აღნიშნავს პროგრამის მონაწილე დავით გოქსაძე.

ოპერატორების მომზადება-გადამზადების პროგრამის შემუშავება „თეგეტა აკადემიამ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

ექსკავატორის მართვის ოპერატორის კურსის გარდა, „თეგეტა აკადემიაში“ მიმდინარეობს კიდევ ორი პროგრამა - ექსკავატორ დამტვირთველის ოპერატორისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადება.

კომპანიის განმარტებით, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ