საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დელეგაციის წევრები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში ეხმარება.

„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - ECO.Georgia დაიწყო. პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა. პროექტი მოიცავს რვა სამიზნე მუნიციპალიტეტს საქართველოს სამი რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას, ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ღონისძიების განხორციელების გზით. პროექტი 2028 წლამდე გაგრძელდება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის დელეგაციის წევრები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძესთან, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის - ECO.Georgia ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს გაეცნენ.

დელეგაციის წევრებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ტყის ინვენტარიზაციის და ტყის მოვლა-აღდგენის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია; დაათვალიერეს სოფელ ხოდაშენის „საქმიანი ეზო“, რომელიც პროექტის ფარგლებში მოეწყო და აღიჭურვა სპეციალური ტექნიკით. დელეგაციის წევრები ახმეტაში მდებარე ენერგოეფექტური ღუმელების საამქროშიც იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავი საშუალებების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და GIZ-ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წელს, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 98 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს, რის შედეგადაც მომზადდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმები. ინვენტარიზაციის სამუშაოები თიანეთის, ყვარლის, თელავის, დედოფლისწყაროს, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 228 000 ჰა ფართობს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოეწყო 15 „საქმიანი ეზო“, მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების ავტოპარკის განახლება, თანამშრომელთა გადამზადება და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო