საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად, ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იმ ფერმერების, ასოციაციებისა თუ მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებულ ქართულ, უნიკალურ პროდუქციას აწარმოებენ. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტი პასკალ ბერნარდონი ქართველ მეწარმეებს თავიანთი წარმოების უკეთესად მართვას შეასწავლის.

„დაგეგმილია მიზნობრივი ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გულისხმობს მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციის დამყარების შესწავლას, ასევე იმ პროდუქციის სწორად რეკლამირებას, რომელსაც ქართველი მეწარმეები აწარმოებენ. ამის გარდა, ისინი შეძლებენ გაიღრმაონ ცოდნა კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიმართულებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნითა და ადგილწარმოშობის დასახელებით ნიშანდებული სასურსათო პროდუქტი უფრო მეტად მომგებიანია, რაც თავისთავად სასოფლო სამეურნეო დარგის განვითარებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი დასტურია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი კვლევა - „მდგრადი სასურსათო სისტემების გეოგრაფიული აღნიშვნით გაძლიერება“. გეოგრაფიული აღნიშვნის ეკონომიკაზე გავლენის ანალიზი 9 თემატური მიმართულებით ჩატარდა, რომლის მიხედვით რეგიონის ადგილწარმოშობის დასახელების მონიშვნამ პროდუქტის ფასის საგრძნობი ზრდა (20%-დან 50%-მდე) განაპირობა.

საქპატენტი თავის მხრივ ზრუნავს არამხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციაზე, არამედ ეხმარება მეწარმეებს ინტელექტუალური საკუთრების რესურსების გამოყენებით მეტი სარგებელი მიიღონ.

აღნიშნული ერთობლივი პროექტის „შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ“ - გახსნის ცერემონია საქპატენტის სათავო ოფისში დღეს გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, მონაწილეებს დისტანციურად მიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დირექტორის მოადგილემ ჰასან კლეიბმა.

გახსნის შემდეგ ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი საჯარო უწყებების, მათ შორის საქპატენტის თანამშრომლებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის მართვის ასპექტების შესახებ. კერძოდ, გაიმართა მსჯელობა სპეციფიკაციებით განსაზღვრული ხარისხის მოთხოვნების შესაბამისობასა და წარმოების სფეროს შორის კავშირზე, განაცხადის შეფასების საკითხებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე, აღსრულების სხვადასხვა ზომებსა თუ მნიშვნელობაზე.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო და 2024 წლის მარტამდე განხორციელდება“,-აღნიშნულია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს