ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სხდომის დაწყებისთანავე სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა.

მისი თქმით, სოფელ ლიხაურში მდებარე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმიდან ერთ-ერთი თანამშრომელი უკანონოდ იქნა განთავისუფლებული. მჟავანაძემ იმ მიზეზის დასახელება მოითხოვა, თუ რატომ მოხდა მისი დათხოვნა, რაზეც „ქართული ოცნების“ წევრებმა უპასუხეს, რომ კონკრეტული პირი კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ სხდომა დროებით შეწყდა და დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით განახლდა. ამასთან, სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა, რომლის მიმართაც უმრავლესობის წევრების მხრიდან ისმოდა ბრალდებები. მათ ჯაფარიძეს შეახსენეს პროექტი „ღიმილიანი საქართველო“.

მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს დარბაზში მოინდომეს ბრიფინგის ჩატარება, რისი უფლებაც არ მისცეს საკრებულოს წევრებმა და თავმჯდომარემ.

„ვინც გათავისუფლდა, გათავისუფლდა კანონის სრული დაცვით, განემარტა მიზეზები. ყველაფერი იყო ღია და გამჭვირვალე. ეს არ იყო დამალული პროცესი“, - განაცხადა მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ.

ასევე, სხდომაზე დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თათია ნიკოლაშვილის განცხადებასაც მოჰყვა. მან ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.

„ნახევარი ოზურგეთი მეწყერსაშიშ ზონაშია და ადამიანები მიტოვებულები არიან ისე, რომ კონკრეტულ დასკვნებსაც არ აძლევთ. მაგალითად ნატანებში სახლი წაიღო მთლიანად, გვერდით მიქაძეების ოჯახი არის საფრთხეში და ამ ადამიანებს დასკვნაც კი არ მიეცით. ასევე ნატანებში ორივე სკოლა არის დანგრეული და სანამ ჭერი არ ჩამოექცათ ადამიანებს თავზე, იქამდე რეაგირება არ გქონდათ“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ამის შემდეგ საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყეს, თუმცა ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო