ისრაელის თავდაცვის ძალებმა და უშიშროების სამსახურმა „შინ ბეთმა“ ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლი, რიგითი ორი მეგიდიში, „ჰამასის“ ტყვეობიდან გაათავისუფლა , - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რიგითი მეგიდიში თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახს შეუერთდა.
რიგითი მეგიდიშის გათავისუფლებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა.
„ვულოცავ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „შინ ბეთს“ ამ მნიშვნელოვან და ამაღელვებელ მიღწევას, რაც აჩვენებს ჩვენს მზადყოფნას იმისთვის, რომ ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.