რა უნდა იცოდეს სოფელში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ?!

მოსახლეობის უშუალო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში, დემოკრატიის საფუძველთა საფუძველია!

მოქალაქის პასუხისმგებლობაა მონაწილეობდეს ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში და თანამშრომლობდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლება მოვალეა გაუწიოს მოსახლეობას კარგი მომსახურება, იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმისა და დეცენტრალიზაციის კუთხით საკანონმდებლო დონეზე, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით კვლავ არსებობს გამოწვევები, რაც აფერხებს ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას. საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაბალია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედი სათემო ორგანიზაცია „სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ცენტრი-ლილიფარი“ მიერ გასული წლის ოქტომბერში, სოფელ მუხრანში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი პრობლემები ადგილობრივ დონეზე და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ჩაერთონ მათი მოგვარების პროცესში, თუმცა, გამოკითხულიდან არცერთს ჰქონდა ინფორმაცია თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მექანიზმების შესახებ.

სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ მოსახლეობის რეაქცია არ სცდება პოსტებს სოციალურ ქსელებში და იშვიათ შემთხვევებში 5-7 კაციან საჯარო საპროტესტო შეკრებებს, რომელიც ხასიათდება სპონტანურობით, არის ერთჯერადი და არასდროს იღებს უფრო ორგანიზებულ და თანმიმდევრულ ფორმას. აღწერილი მდგომარეობის ძირითადი მიზეზია ის, რომ მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მექანიზმების შესახებ და არც სმენიათ პრაქტიკაში მათი გამოყენების წარმატებული ისტორიები. ეს ყოველივე აფერხებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას სოფლად და საბოლოო ჯამში მოსახლეობა ვერ ახერხებს ადგილობრივ დონეზე არსებული ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას (საკითხების ლობირებას ან ადვოკატირებას მუნიციპალიტეტის დონეზე).

აღნიშნულ გამოწვევაზე რეაგირების მიზნით, სათემო ორგანიზაცია „ლილიფარმა“ შეიმუშავა პროექტი, რომელიც მოიცავდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროექტმა შეძლო რონდელის ფონდის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში (ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით) - „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“ - გამარჯვება.

პროექტი შედგებოდა სამი ნაწილისგან. ესენია:

1.საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილობრივი თვითთმართველობის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ ვიდეო რგოლების მომზადება

შეიქმნა ინფორმაციული, მოკლემეტრაჟიანი 4 ვიდეო-რგოლი ადგილობრივი თვითთმართველობის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის ფორმების შესახებ, ესენია პეტიცია, საერთო კრება, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მრჩეველთა საბჭო, მონაწილეობითი ბიუჯეტირება. ვიდეო რგოლები განთავსდა სოციალურ ქსელებში და მოხდა მისი რეკლამირება.

  1. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანია

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია შეხვდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობას დარგის სპეციალისტთან (ნათია ღვინაშვილი) ერთად. შეხვედრები გაიმართა როგორც სკოლის მოსწავლეებთან ისე საზოგადოების სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. მოეწყო დისკუსიები, რომლის შედეგადაც გამოკვეთილ გამოწვევებზე დაყრდნობით გაკეთდა სიტუაციის ანალიზი უშუალოდ მოქალაქეთა მონაწილეობით. შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას მექანიზმების შესახებ მარტივ და გასაგებ ენაზე.

  1. მოსახლეობის დახმარება პრაქტიკაში მექანიზმების გამოყენებისთვის

პროექტში ჩართულ სოფლებში, საინფორმაციო კამპანიების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც სოფელში არსებულ ერთ-ერთ გამოწვევაზე რეაგირების მიზნით მოამზადეს მიმართვა, შეაგროვეს ხელმოწერები მოსახლეობისგან და წარადგინეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში / მერიაში განსახილველად.

(R)

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს