ქეთევან თურაზაშვილი - სესხებთან დაკავშირებით პენსიონერთა პრობლემები მასშტაბურია

სესხებთან დაკავშირებით პენსიონერთა პრობლემები მასშტაბურია... დიდი ხანია ვცდილობ, მათი გასაჭირი, მთავრობის ყურამდე მივიტანო... თავიდან მეგონა, მათი მძიმე ამბავი ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე იმოქმედებდა და გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს პენსიონერების დასახმარებლად, თუმცა ეს ასე არ მოხდა, - ამის შესახებ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრი დღეს პარლამენტის სესიაზე უიმედო მდგომარეობაში მყოფი პენსიონერების პრობლემებს შეეხო და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მიმდინარე თვეში 3-ჯერ შევხვდი პენსიონერებს და „ლიბერთი ბანკის“ სხვადასხვა ფილიალში მათთან ერთად 800-ზე მეტი განცხადება შევიტანე, მათ შორის ქუთაისში და გორში. ამ ამბის თქვენამდე მოტანით, ისევ და ისევ, ვცდილობ, პენსიონერების და მოხუცების პრობლემის მასშტაბურობა დაგანახოთ. მე ცხადია, ამ შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში გავაგრძელებ. თავიდან, როდესაც პენსიონერების ძარცვაზე დავიწყე საუბარი, გულწრფელად მინდოდა დამეჯერებინა, რომ ხელისუფლება რეაგირებას მოახდენდა - ქალბატონი ნელის მძიმე ისტორიაზე, რომელიც პენსიით 2 ობოლ შვილიშვილს ზრდის, პენსიონერი წყვილის ტრაგედიაზე, რომლებმაც შვილის დაკრძალვისთვის ლიბერთის ვალი აიღეს და მერვე წელია იხდიან... მარტოხელა პენსიონერის ქალბატონის რუსიკოს სადარდებელზე, რომლის მომკითხავი მხოლოდ წითელი ჯვარია. მეგონა იმოქმედებდა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე და გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ ადამიანების და სხვა ათასობით პენსიონერის დასახმარებლად. ასევე, მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეროვნული ბანკისთვის ნიშანი იქნებოდა ახალციხელი ბატონი ვანოსთვის სესხის განულების ჩვენი, ,,მოქალაქეების“ მიერ შექმნილი პრეცედენტი. ვფიქრობდი ხელისუფლება მოახერხებდა, რეგულაციის შემუშავებას, რომელიც ავტომატურად შეეხებოდა ყველა მოტყუებულ პენსიონერს და მოხდებოდა სესხის დაკორექტირდება და განულება. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმის, რომ ოცნების არაერთი დეპუტატი პირისპირ საუბრისას მეთანხმება, რომ პენსიონერების ძარცვა არ უნდა ხდებოდეს, თვალს ხუჭავენ „ლიბერთი ბანკის“ მავნე პრაქტიკაზე. „ლიბერთი ბანკს“ და ტელეკომპანია „იმედს“ერთი და იგივე ხელმძღვანელი ჰყავს, ირაკლი რუხაძე.

„ქართული ოცნება“ ამ ბანკის ყაჩაღობაზე თვალს ხუჭავს, სამაგიეროდ, „იმედის“ პროპაგანდისტული მანქანა მთელი შემართებით ემსახურება დღევანდელ ხელისუფლებას.

აქვე მინდა დავამატო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად ძალიან კომიკურად გამოიყურება, როდესაც ცდილობენ პენსიონერებზე საუბრისას მათი გულწრფელობა დაგვაჯერონ. ისევ შევახსენებ ყველას, რომ პენსიონერების ძარცვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, სახალხო ბანკიდან გურგენიძის თაოსნობით და აგრძელებს „ლიბერთი ბანკი“ რუხაძის ხელმძღვანელობით.

მინდა, მოტყუებულ პენსიონერებს მივმართო, მათ შვილებს, შვილიშვილებს, ასევე ემიგრანტების საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს, არც წინა ხელისუფლება და არც ახლანდელი, კაცთმოყვარე და ადამიანზე ორიენტირებული არ არის. ესენი არ ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნებისთვის გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი და მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო