გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროპაში ომის საფრთხე არსებობს და გერმანია თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს.
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც ის 30 წელია გადაეჩვია. კერძოდ ის, რომ ევროპაში აგრესორის მხრიდან ომის საფრთხე არსებობს. ჩვენ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვართ", - განმარტა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, გერმანია უნდა მოემზადოს ასეთი საფრთხისთვის, რათა შეძლოს თავის დაცვა.
„გერმანია მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ომი, თავდაცვითი ომი“, - აღნიშნა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ვერ მოემზადები საფრთხისთვის, რომელსაც ვერ აღიქვამ და ვერ ღებულობ. მისი თქმით, უახლოეს წლებში იქნება საუბარი გერმანიაში შექმნილი სპეციალური ფონდის ბუნდესვერის მხარდასაჭერად გამოყენებაზე და შეიარაღებული ძალების სტრუქტურების რეორგანიზაციაზე, თუმცა, გასული 30 წლის შეცდომების გამოსწორებას დრო დასჭირდება.