სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რატომ შეწყვიტა შსს-ის სამმართველოს უფროსის, გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოება

სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რატომ შეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსის, გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოება.

ომბუდსმენის განმარტებით, გოგა რაზმაძის საქმეში სახალხო დამცველის აპარატი იმავე მტკიცების სტანდარტს დაეყრდნო, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, თავის შეფასებებში დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის მომართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხს ეხმიანება.

როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გოგა რაზმაძის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა და საქმისწარმოება შეწყდა.

სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა.

ამ საქმეში სახალხო დამცველის აპარატი იმავე მტკიცების სტანდარტს დაეყრდნო, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც მტკიცების ტვირთი ჰქონდა (და არა განმცხადებელს), შევიწროების ფაქტის არარსებობა დაემტკიცებინა, განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია წარმოადგინა.

ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა.

დამატებით, საქმეზე გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილში, სახალხო დამცველმა შეაფასა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ამასთან, ცალკე მსჯელობა დაეთმო პოლიციელთა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, ევროსასამართლოს პრაქტიკისა და პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ანალიზს.

სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს.

რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს, სრული ტექსტის გამოქვეყნება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რაზმაძე წერს, რომ დეპარტამენტის კურატორად ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, „თანამშრომლები ცენზურას დაექვემდებარნენ, დაიწყო მათი საჯარო პოსტების კონტროლი, რის შემდეგაც მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა უფროსთან, ასევე მოადგილეებთან, ამის გამო კი, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაიწყო“.

მას შემდეგ კი, რაც სახალხო დამცველმა მის საქმეზე წარმოება შეწყვიტა, რაზმაძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად „მწვანე შუქი“ აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას მის წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის