ირაკლი ზარქუა - კრიტიკა მათგან, ვინც არაერთგზის მოსრიალებულა ფსიქოლოგიური არაადეკვატურობის ფონზე, აღმაშფოთებელია - უცენზურო სიტყვებით რომ მოიხსენიებდნენ პრეზიდენტს, მაშინ არ იყო ქალის უფლებები?

მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ კრიტიკა მათგან, ვინც არაერთგზის მოსრიალებულან ფსიქოლოგიური არაადეკვატურობის ფონზე, აღმაშფოთებელია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ, პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

ზარქუას თქმით, „ვითომ უფლებების დამცველებისგან“ კრიტიკა, რომლებიც, მისივე თქმით, სხვა დროს ხმას არ იღებდნენ, „ამორალურია“.

„არ მგონია, ვინმეს მოეწონოს და არ არის მისაღები, არ აქვს მნიშვნელობა ვის და ვის შორის იყო ასეთი პოლემიკა, შეურაცხყოფების მიყენება. ამასთან დაკავშირებით იყო შესაბამისი რეაგირება. უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა შეშფოთებული რადიკალების ტელევიზიას, პოსტი პოსტზე რომ მიუძღვნეს - ბატონი გვარამია რომ აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ პრეზიდენტს, მაშინ სად იყვნენ? მაშინ არ იყო ქალის უფლებები, ადამიანის უფლებები, კაცის უფლებები? ეს ორმაგი სტანდარტი არსად გამიგია. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან, პიროვნული შეურაცხყოფა მიუღებელია. მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმათგან [კრიტიკა] აღმაშფოთებელია, რომლებიც არაერთგზის მოსრიალებულან ფსიქოლოგიური არაადეკვატურობის ფონზე. აღიარებები იყო ამ დღეებში ეთერში და დღეს ჩვენს კოლეგებს მორალს უკითხავენ, ეს არის მიუღებელი და შემაშფოთებელი. მოსაწონი არაფერი იყო, ითქვა და განცხადებები გაკეთდა ამაზე, მაგრამ იმ ხალხისგან, ვითომ უფლებების დამცველებისგან, ხმა რომ არ ამოუღიათ, როცა დედას აგინებდა პირდაპირ ეთერში, უცენზურო სიტყვებს იყენებდა, მათ შორის პრეზიდენტის და მოქალაქეების მიმართ და დღეს პოსტებს პოსტებზე წერენ, ეს არის ამორალურობა“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე