ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 195 პალესტინელი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათივე მტკიცებით, 120 ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი, სულ მცირე 777 კი - დაშავდა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის განცხადებით, ბანაკზე თავდასხმა, შეიძლება, ომის დანაშაული იყოს.
„ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სამოქალაქო მსხვერპლის დიდი რაოდენობისა და განადგურების მასშტაბის გათვალისწინებით, სერიოზული შეშფოთება გვაქვს, რომ ეს არის არაპროპორციული თავდასხმები, რომლებიც შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს“, - წერს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი სოციალურ ქსელში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ მიერ სამშაბათსა და ოთხშაბათს განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ჯაბალიაში „ჰამასის“ ორი ლიდერი დაიღუპა. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ სამეთაურო ცენტრები და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურა სამოქალაქო შენობებში და მის ქვეშ აქვს, რაც საფრთხეს უქმნის ღაზის მოსახლეობას.