აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს.
ოქსანა მარკაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა, ვაშინგტონმა, მერილენდმა და არიზონამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და ნოემბერი ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის თვედ გამოაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო, ჰოლოდომორის გენოციდის აღიარების შესახებ აშშ-ის რეგიონულ კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს ჰოლოდომორის, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით. ჩვენ ყველა შტატის უკრაინულ საზოგადოებას ვიწვევთ, რომ მონაწილეობა მიიღონ 90 წლის წინ საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში“, - აცხადებს აშშ-ში უკრაინის ელჩი.
ცნობისთვის, დღემდე, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად მსოფლიოს სამ ათეულამდე ქვეყნის პარლამენტის, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არის აღიარებული.