ოლექსი დანილოვი - რუსეთი ცივი ამინდის დადგომისთანავე უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება - უკრაინა მაქსიმალურად ემზადება ასეთი სცენარისთვის

რუსეთის ფედერაცია ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ემზადება ასეთი სცენარისთვის, აგროვებს იარაღს იმისთვის, ცივი ამინდის დადგომასთან ერთად უკრაინას ზიანი მიაყენოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებით.

ამასთან, ოლექსი დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მაქსიმალურად ემზადება ასეთი სცენარისთვის. მისი თქმით, დღეისთვის ამ მიმართულებით ყველა დავალება ბოლომდე არ არის შესრულებული, ამიტომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მომავალ სხდომაზე ეს საკითხი კვლავ განიხილება.

„მაგრამ სიტუაცია არ არის კრიტიკული. ობიექტების დიდი უმრავლესობა კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვიღებთ დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს ჩვენი პარტნიორებისგან“, - განაცხადა დანილოვმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ განიხილება ზამთრისთვის პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების იჯარით აღების შესაძლებლობა.

„აქ არაფერია გასაკვირი. არ არის საჭირო ამის გასაიდუმლოება. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ცა, მოქალაქეები, ქალაქები და სოფლები თავდასხმისგან“, - განაცხადა დანილოვმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა