გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგი „კატასტროფების რისკის შემცირება და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მნიშვნელობა“ გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. შესაბამის ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, 150-ამდე სკოლის დირექტორი გადამზადდა.
„სკოლების წარმომადგენლებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფის რისკის ძირითადი კონცეფცია განიხილეს. ასევე, საფრთხეების, მოწყვლადობის შეფასების, რისკის განსაზღვრის, რისკის მართვის გეგმის შემუშავების და პრაქტიკაში დანერგვის გზების საკითხებზე იმსჯელეს. ტრენინგზე საუბარი საგანგებო მართვის გეგმებს, საგანგებო შტაბის წევრების მოვალეობებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო.
პრაქტიკული მუშაობის დროს, მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი კატასტროფების შესახებ იმსჯელეს, შექმნეს თემების რუკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი (სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, ბაღი) მოინიშნა.
აღნიშნული ტრენინგები სკოლების წარმომადგენლებს ხელს უწყობს, აქტიურად დანერგონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება.
ტრენინგები პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორციელებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.