საარჩევნო ადმინისტრაცია ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას აქტიური რეჟიმით აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის იმართება. საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა წარუდგინა.
„თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნენ, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის მორიგ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. შეხვედრის ფარგლებში, ასევე იმიტირებული კენჭისყრაც გაიმართა და დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.
საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებსა და შსს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.