საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თვითმფრინავ „მერკურის“ ბაზაზე, საავიაციო ინჟინერიის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია მოეწყობა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, თავდაცვის ძალების კუთვნილი საავიაციო ტექნიკა - ოთხადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, 4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ 2000-იანი წლების დასაწყისში ქუთაისის საავიაციო-ტექნიკურ ქარხანა „ავიატონში“ ქართველმა ავიაკონსტრუქტორებმა და ინჟინრებმა ააწყვეს. თვითმფრინავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სასწავლო მიზნებისთვის, კერძოდ კი, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის განვითარებისა და სტუდენტთა პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გუგენიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული თვითმფრინავის ბაზაზე, საუნივერსიტეტო სივრცეში, უახლოეს მომავალში, საავიაციო ინჟინერიის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია მოეწყობა.

„ეს კიდევ ერთი ისტორიული დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის უშუალო ჩართულობით, გადმოგვეცა ქართული წარმოების მცირე ზომის, ოთხადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებს. ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი ტრადიციები აქვს თვითმფრინავმშენებლობის მიმართულებით, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ 31-ე ქარხანა, იგივე „თბილავიამშენი“, სადაც ცნობილი ავიაკონსტრუქტორები და ავიაინჟინრები მუშაობენ. ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ გახარებულ სტუდენტებს, ჩვენი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ რამინ ზუკაკიშვილს, რომელმაც მთელი ცხოვრება თვითმფრინავმშენებლობას შეალია, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. თვითმფრინავი, რომელიც ჩვენმა კურსდამთავრებულმა ინჟინრებმა ააწყვეს, საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნდა. მის ბაზაზე დაფუძნდება სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია, სადაც ახლადაკრედიტებული საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სპეციალურ სწავლებებს მიმდინარე სასწავლო წლიდან გაივლიან. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საგანმანათლებლო მიზნებისთვის გადაეცემა სხვა საავიაციო ტექნიკაც, რომელიც, ასევე, გახდება უნივერსიტეტის საავიაციო ლაბორატორიის შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, იგეგმება, რომ საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა შეტანილ იქნას პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამათა ნუსხაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ეს კი საშუალებას მოგვცემს, თვითმფრინავმშენებლობის დარგის განვითარების მიზნით, დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიზიდოთ და პროფესიონალ ავიაკონსტრუქტორთა და ავიაინჟინერთა ახალი თაობები აღვზარდოთ“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, 4-ადგილიანი თვითმრინავი „მერკური“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის შიდა ღია სივრცეში განთავსდა, საავიაციო ლაბორატორიის მოწყობის სამუშაოების განხორციელებას კი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმდინარე წელსვე დაიწყებს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა