პარტია „საქართველოსთვის“ გახარიას გუნდი არ აპირებს არანაირ პარტიულ გაერთიანებას სხვა პარტიებთან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის გიორგი გახარიას, ნინო ლომჯარიასა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გაერთიანებას ვიხილავთ.
ბექა ლილუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების აღნიშნული განცხადებები პროპაგანდის ნაწილია.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტია „საქართველოსთვის“ გახარიას გუნდი არ აპირებს არანაირ პარტიულ გაერთიანებას სხვა პარტიებთან. ეს, რაც ახლა ჟღერდება კობახიძისგან და სხვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ერთ რამეს ემსახურება. უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება „გორბის“ კვლევა, რომელიც იქნება აბსოლუტურად ფეიკმონაცემებზე დაფუძნებული. ეს ყველაფერი შესაბამისად არის წინამოსამზადებელი პერიოდი. კობახიძე ამბობს, რომ 1%-იანი პარტიაა და თუ არ გაერთიანდა ვინმესთან, ისე შანსი არ აქვს ბარიერის გადალახვის, ეს არის ყველაფერი მოსამზადებელი პროცესი პოლიტიკური კვლევის შედეგების გასამართლებლად. ეს არის პროპაგანდის ნაწილი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს გახარიას გუნდსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს და რაზე საუბრობენ აუდიენციის დროს, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები იმართება მათ შორის იმის შესახებ, როგორ დაეხმარონ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.
„რაც შეეხება პრეზიდენტთან საუბრებს. პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენთვის არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის პირველ რიგში არის ინსტიტუტის წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს შეხვედრები მათ შორის იმის შესახებ, როგორ მივეხმაროთ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. შინაარსობრივ ნაწილში ბუნებრივია არ შევალ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ჩვეულებრივი თანამშრომლობის ფორმატები, რომელზედაც ჩვენ სხვა პარტიებთან ერთად ვმონაწილეობთ. ჩვენ ვესაუბრებით მილიონ სხვადასხვა ადამიანს, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ „ნაც-ქოცური“ მოცემულობის დასრულება მოხდეს მომავალ არჩევნებზე საქართველოში“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა, რომლის დროსაც უმავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ერთადერთი იარაღი, რაც გაკოტრებული ხელისუფლების არსენალში დარჩა, სიძულვილის ენაა.
„რაც საზოგადოებამ ნახა, ამას შეიძლება ერთი სიტყვა დავუპირისპიროთ, ეს არის უღირსობა. მოვისმინეთ აბსოლუტურად არგულწრფელი ბოდიში. საბოლოო ჯამში ჩვენ თავი არ მოვიტყუოთ, ერთადერთი იარაღი, რაც გაკოტრებული ხელისუფლების არსენალში დარჩა, ეს არის სიძულვილის ენა. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. მანამდე იყო ღუდუშაური, რომელმაც არანაკლებ მძიმედ მოიხსენია ქალი დეპუტატები. საერთოდ არა მგონია აქ ქალს და კაცს მნიშვნელობა ჰქონდეს. მათი რეაქციიდან, აბსოლუტურად არანაირი რეაგირებიდან როგორც ჩანს, ეს არის პროცესი, რომელსაც განავითარებს წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ყურადღების ცენტრიდან არ უნდა მოვხსნათ, უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. განვიხილავდით შემთხვევას, რომ პროტესტის ნიშნად დაგვეტოვებინა კომიტეტი, მაგრამ ამით უფრო მეტ კომფორტს შევუქმნიდით ბატონ ბერაიას, ამიტომ ყოველ კომიტეტის სხდომას ჩვენ შევახსენეთ მას, რა მძიმე და შეუფერებელი რამ გააკეთა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ირაკლი ბერაიას საქციელი უპირობოდ დასაგმობია.
„ეს არის უპირობოდ დასაგმობი საქციელი. ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ბუღალტერიაში შესვლა კობახიძეების, პაპუაშვილების და სხვების მხრიდან, რომ შინაარსს ჩვენ კი ვეთანხმებით, მაგრამ ფორმები იყო ცოტა გადამეტებული. აქ არის აბსოლუტურად უპირობოდ დასაგმობი მოცემულობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება მთელი წინასაარჩევნო კამპანიის თანმდევი პროცესი. ეს აჩვენებს იმას, რომ უუნაროა მმართველი ძალა, რომელსაც არგუმენტები გამოელია და გადასულია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.