შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული ატაშე, ადილ ბაღიროვი წარუდგინა, რომელიც ახლახან შეუდგა საქართველოში საქმიანობას.
„ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამართალდაცვის სფეროში ხაზგასმით აღნიშნეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.
მხარეებმა ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და მზადყოფნა გამოხატეს, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.