სტატუსი თუ მივიღეთ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილი გზის, ჩვენი ხალხის და ხელისუფლების დამსახურება და არა ოპოზიციის - სტატუსი უნდა მოგვცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხში ნიჰილიზმი გაღვივდება, რადგან ეს უსამართლო იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არასწორია შეფასება, რომ საქართველოს მხოლოდ იმის გამო მისცემენ სტატუსს, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი არ გაღვივდეს. დავითულიანის აზრით, საქართველოს სტატუსს იმის გამო მისცემენ, რომ ამის საშუალებას სახელმწიფო და ამ ქვეყნის ხელისუფლება იძლევა.
„სტატუსი რომ არ მოგვცენ, ეს უსამართლობა იქნება და წარმოშობს ნიჰილიზმს, რომელიც არავის სჭირდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, უნდა მოგვცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხში ნიჰილიზმი გაღვივდება, რადგან ეს უსამართლო იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მხოლოდ ამის გამო გვაძლევენ [ნიჰილიზმი რომ არ გაღვივდეს], რა თქმა უნდა, არა. ე.ი. რაღაც პირობებს ვაკმაყოფილებთ და იმიტომ გვაძლევენ, რომ შეუძლიათ მოცემა. ამის საშუალებას ეს სახელმწიფო და ამ ქვეყნის ხელისუფლება იძლევა”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი გაზრდილია.
„სტატუსის მინიჭების შანსი და პერსპექტივა, საბედნიეროდ, არსებითად გაზრდილია. გვაქვს მოლოდინი, რომ ევროპის საბჭო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მოხდება, რაც არის როგორც ჩვენი ქვეყნის მიერ გავლილი გზის და ხალხის, ისე ცალსახად, ხელისუფლების დამსახურება.
როდესაც ვამბობდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, განპირობებულია გეოპოლიტიკური მდგენელებით და ამას ვადასტურებდით იმით, რომ საქართველოს პირველ ეტაპზე სტატუსი არ მიენიჭა, ხოლო ქვეყნებს, რომლებიც საქართველოზე უკან იყვნენ პრაქტიკულად ყველა კრიტერიუმით, მათ მიენიჭათ, ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ ვცდებოდით, ჩვენ არ ვიქცეოდით სწორად და ამიტომ არ გვაძლევდნენ სტატუსს. ხოლო ახლა, როდესაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია სტატუსის მონიჭება, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მხოლოდ გეოპოლიტიკის დამსახურებაა და პოლიტიკური ხელისუფლების არანაირი დამსახურება არაა. ჩამოყალიბდეს ეს ხალხი. როგორც და როცა უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური მდგენელი აქვს, ასევე აქვს პოლიტიკური მდგენელიც, რომელშიც ოპოზიციას პოზიტიური თვალსაზრისით მონაწილეობა, პრაქტიკულად არ მიუღია. ყველა რეკომენდაცია, რომელიც შესრულდა, ცალმხრივად ხელისუფლებამ შეასრულა და ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში იყო”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ამასთან, ბექა დავითულიანის განცხადებით, თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს ოპოზიციის დამსახურება არ იქნება.
„სტატუსი თუ მივიღეთ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილი გზის, ჩვენი ხალხის და ხელისუფლების დამსახურება - ოპოზიციის დამსახურება არ იქნება, რადგან სწორედ 12 რეკომენდაციიდან არცერთი რეკომენდაციის აღსრულებაში, მხირე გამონაკლისის გარდა, ზოგიერთი ოპოზიციონერის გარდა არ მიუღიათ მონაწილეობა. თავად ოპოზიციონერები ადასტურებდნენ, რომ დადიოდნენ ბრიუსელსა და სტრასბურგში და იხვეწებოდნენ, არ მისცეთ ქვეყანას სტატუსი, რადგან ამით პოლიტიკურ ქულებს დავკარგავთო. ოპოზიციამ მეტი რა უნდა დააშავოს ქვეყნის წინაშე?!სახლში წასვლას რაც შეეხება, ამას ხალხი გადაწყვეტს და ადრე თუ გვიან ყველა წავალთ სახლში - ისინიც და ჩვენც”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.