საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოსახლეობა მოტივირებულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის და მხარს უჭერს ამ კუთხით საჭირო ნაბიჯების გადადგმას.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა. 2022 წლის 24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე, აღიარა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, და შემდგომ კანდიდატის სტატუსი, იმ პირობით, რომ შეასრულებს მთელი რიგ პრიორიტეტებს.

მალევე საქართველოს მთავრობამ დაიწყო ამ პრიორიტეტების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ძირითადად შესრულებულია, სხვების განხორციელება ჯერ კიდევ საწყის დონეზეა.

შესამჩნევია საქართველოს პროგრესი ევროკავშირის „საფუძვლების“ - კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ძლიერი ინსტიტუტებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში რეფორმების წინსვლის საქმეში. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ანალიტიკური ცენტრები და აკადემიური წრეები თუ პროფესიული კავშირები, და ასოციაციები აქტიურად აკვირდებიან პროგრესს და მიუთითებენ მთავრობას ამ პროცესში არსებულ ხარვეზებზე. სამოქალაქო საზოგადოება ცდილობდა და, რამდენჯერმე, მიაღწია წარმატებას, ჩართულიყო კონსულტაციებში და შეეტანა წვლილი გადამწყვეტი რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირებაში. მთლიანობაში, საქართველოს მოსახლეობა ძლიერ მოტივირებულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის და მხარს უჭერს ამ კუთხით საჭირო ნაბიჯების გადადგმას. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ მმართველი ძალა იღებდა ზომებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ევროკომისიის აზრს და, როგორც ასეთი, ევროკავშირში ინტეგრაციას, ისინი პროტესტის ნიშნად ხმას იმაღლებდნენ არასაკმარისი რეფორმებისა და საკამათო კანონების წინააღმდეგ.

ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იბრძოდა აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, დაემყარებინა კანონის უზენაესობა და ამით ხელი შეეწყო საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს არასოდეს მიუტოვებია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ქართველ ხალხს ჭეშმარიტად სჯერა ევროპის, მისი ღირებულებების, კეთილდღეობისა და თავისუფლების პრინციპების და სურს დაინახოს რეგიონი და, კერძოდ საქართველო, ამ პრინციპების ერთგული.

ქართული საზოგადოება მისი ყველა ყველა სეგმენტი გაერთიანებულია მის სურვილში, გამოიყენოს ყველა ძალისხმევა ინსტიტუციური, სამართლებრივი თუ პრაქტიკული ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. გარდა რთული გეოპოლიტიკური კონტექსტისა, ქვეყანას გარედან და შიგნიდან უტევენ უცხოური ანტიდემოკრატიული ძალები, რომლებიც აწარმოებდნენ ჰიბრიდულ ომს ქვეყნის ევროპეიზაციის შეფერხების მიზნით, საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი ხალხის ნდობისა და იმედის გასანადგურებლად.

ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების დახმარებით საქართველო და მისი ხალხი შეძლებს ამ სირთულეების დაძლევას და არ გადაუხვევს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ევროკავშირის აღიარება და მხარდაჭერა მისცემს მოსახლეობას შემდგომ იმპულსს, რომ გააგრძელოს რეფორმები და განაიარაღებს მათ, ვინც ცდილობს ქვეყანაში მაღალი სულისკვეთების დაქვეითებას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განუზომელ როლს ითამაშებდა ამ მხრივ. ჩვენ, ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრები, მოვუწოდებთ ევროკომისიას, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული არგუმენტები და რეკომენდაცია გაუწიოს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“,- აღნიშნულია მიმართვაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა დაარსებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება