შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას - რომ მოეთხოვა, ამის პარალელურად, უნდა მოეცა სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები

ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, უნდა მოეცა სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლითაც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, „თითქოს კანდიდატის სტატუსზე მთავარი დათქმა იქნება, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს“.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, პაპუაშვილი განმარტავს, რომ რთულია სერიოზული კომენტარის გაკეთება, თუმცა ვხედავთ ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბოლოო გაბრძოლებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

„რთულია, ჟურნალისტის განცხადებები სერიოზულად დააკომენტარო, თუმცა ჩვენ ვხედავთ მცდელობას ოპოზიციის და რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან. ჩვენ ვნახეთ სერგი კაპანაძის სტატია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ უნდა დაუდგეს პირობა რუსეთისთვის სანქციის დაწესება და სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა. დიდი ალბათობით, მის გათავისუფლებას გულისხმობდა. ვხედავთ, მათ შორის იყო სტატია სოროსის ფონდის წარმომადგენლებისა, ვხედავთ, რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, მათი განცხადებები, მათ შორის, რამდენიმე „ენჯეოს“ ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ იქნებ იყოს რამე, რაც მიენიჭება და თუკი მიანიჭებთ, მაშინ იყოს დათქმები რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მიხეილ სააკაშვილი და ა.შ. პირდაპირ არის შტურმი, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და იტოვებენ იმის შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათი შტურმი იყო უშედეგო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში.

„რაც შეეხება სანქციებს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო და არავინ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს. მეორე – ეს ნიშნავს რისკს სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსიჯგუფების გამოყენებით, თუ ა.შ. ანუ, ნიშნავს სამხედრო და ეკონომიკურ კოლაფსში ქვეყნის გადაგდებას და რა თქმა უნდა, არც ერთი პასუხისმგებლიანი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია საქართველოდან ამას არ ითხოვდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ უნდა მოეცათ ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ვხედავთ, ეს ჯგუფი, მათ შორის ოპოზიციის და მათი მფარველი რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი უცხოეთში ამას ცდილობენ, ითხოვენ, თავიდანვე ითხოვდნენ, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეწირათ ეკონომიკური კატასტროფისთვის და გაეწირათ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ამიტომ მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ვიღაც უცხოელი ჟურნალისტი ამ საკითხებზე საუბრობს. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ოპოზიცია ამაზე მუშაობს, მათ შორის ვიცით, რომ ბრიუსელში ჩადის მათი რამდენიმე წარმომადგენელი, რომ ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს