დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, საქართველოს კორეის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„იური ნოზაძემ სტუმრებს გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და დაცული ტერიტორიების სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო უკვე მრავალი წელია კორეის რესპუბლიკასთან და კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან წარმატებით თანამშრომლობს. მხარეებს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც არაერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, რაც დადებითად ისახება დაცული ტერიტორიების სისტემის ფუნქციონირებაზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.