საქართველოს წითელმა ჯვარმა სკოლა აიბი მთიების მხარდაჭერით შემაჯამებელ-საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აიბი მთიებში რამდენიმე თვის მანძილზე განხორციელდა STEAM საგანმანათლებლო სისტემით სწავლება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ქართული რეწვის ნიმუშები, შეისწავლეს ხალხური საბრძოლო და შრომის სიმღერები და სხვ.
ინფორმაციის თანახმად, პროექტის შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა ერთობლივი გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვის საქველმოქმედო ღონისძიება.
„ღონისძიების ფარგლებში შემოსულ შემოწირულობას საქართველოს წითელი ჯვარი გადაურიცხავს ისრაელის დავითის წითელ ვარსკვლავსა და პალესტინის წითელ ნახევარმთვარეს ისრაელი-პალესტინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ბავშვების საჭიროებებზე რეაგირებისთვის.
საქართველოს წითელი ჯვარი მადლობას უხდის სკოლა აიბი მთიებს, თითოეულ სტუმარს და ღონისძიებაში მონაწილე ადამიანებს მხარდაჭერისა და ქველმოქმედებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.