ჯაბა სამუშიამ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან მემორანდუმს მოაწერა ხელი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ერთობლივად განხორციელების საშუალებით, მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციას, რეაბილიტაციას, რესოციალიზაციას, სათანადო განვითარებას, განათლებისა და დასაქმების მნიშვნელობის გაცნობიერებასა და ამ გზით, ქვეყანაში დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„მემორანდუმის ფარგლებში მხარეები პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებთან ერთად, განახორციელებენ დასაქმებისთვის მომზადება/დასაქმების ხელშემწყობ ერთობლივ ღონისძიებებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, დასაქმების ფორუმებს, სარეაბილიტაციო აქტივობებს.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე მოიცავს ინფორმაციის გაცვლასა და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების მიწოდებას, შესაძლებლობების ფარგლებში, ერთობლივი პროგრამებისა და სერვისების დანერგვას.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა მსჯავრდებულებისთვის საქართველოს ისტორიიდან საინტერესო თემებზე საჯარო ლექციების წაკითხვის მზადყოფნა გამოთქვა.

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება.

დღეისთვის თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს 8 პროფესიულ პროგრამაზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

ცენტრი ასევე ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს ღონისძიებების ორგანიზების, საოფისე საქმის, სავაჭრო ობიექტებში სალაროს ოპერაციების განხორციელების, საწყობის ლოგისტიკის, ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და სხვა მიმართულებით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე