ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ზრდის გეგმა წარადგინა, რომელიც 6 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტებსა და სესხებს მოიცავს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის ახალი ზრდის გეგმა წარადგინა, რომლის მიზანია გაწევრიანებამდე რეგიონში ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ევროკავშირთან საჭირო სოციალურ-ეკონომიკური შესაბამისობის დაჩქარება.
„დასავლეთ ბალკანეთის 6 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი ზრდის გეგმის დღევანდელი მიღებით, ჩვენ დასავლეთ ბალკანეთის ეკონომიკას ევროკავშირთან ვაახლოებთ. აღნიშნული ზრდის გეგმის პოტენციალი არაჩვეულებრივია და მას შეუძლია დასავლეთ ბალკანეთის ეკონომიკა მომდევნო 10 წელიწადში გააორმაგოს. რეფორმებისა და ინვესტიციების შეთავსებით, ის დასავლეთ ბალკანეთს საშუალებას მისცემს, რომ ჩვენი ერთიანი ბაზრის ძირითადი სფეროებით, მათ შორის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილებით, ერთიანი ევროს გადახდის სივრცით, ტრანსპორტით, ენერგეტიკითა და ერთიანი ციფრული ბაზრით ისარგებლოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ზრდის გეგმის მიზანია დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმა მნიშვნელოვნად დააჩქარონ გაფართოების პროცესი და გაზარდონ მათი ეკონომიკა. შეთავაზებული 6 მილიარდი ევრო დასავლეთ ბალკანეთს 2024-2027 წლებში ახალი რეფორმების გატარების და ეკონომიკური ზრდის საშუალებას მისცემს.
ზრდის გეგმით გათვალისწინებული თანხების გადახდა მხოლოდ შეთანხმებული რეფორმების შესრულების შემდეგ მოხდება.
დღეს, ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინას მისცა რეკომენდაცია, რომ მასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს, როგორც კი ევროკავშირთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული.