„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა მმართველმა კომპანიამ - „აქუალიამ“ (Aqualia-მ) თბილისის წყალმომარაგების სისტემის სიღრმისეული აუდიტი დაასრულა და „ჯივიპის“ 10 - წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
„ჯივიპის“ ახალი გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ დღეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს, როგორც მყისიერ რეაგირებას, ასევე განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასა და მასშტაბურ ინვესტიციას.
მისივე თქმით, „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით.
„ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოში ვმოღვაწეობთ. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში შევისწავლეთ, ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც კომპანიის საქმიანობის თვალსაზრისით დგას. ორი პარალელური მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პირველი, ეს არის ამ აუდიტის საფუძველზე გამოვლენა გამოწვევების და პრობლემების. პირველ რიგში, ეს შეეხება იმ თანამშრომლებს, სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ შეკეთებაზე, ინციდენტებზე, რეაგირებაზე და რომელთა მეშვეობით, გაუმჯობესების გზით შესაძლებელი გახდება, როგორც დროის შემცირება, ასევე ხარისხის გაუმჯობესება.
ამასთან, ჩვენი მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად რეორგანიზაციაც არის გათვალისწინებული, რომელიც კონკრეტულად ერთ-ერთი სახით - დეცენტრალიზაციით გამოიხატება. რაც გულისხმობს სამი ახალი საოპერაციო ცენტრის შექმნას თბილისის შემთხვევაში, რომლებიც განსხვავებით ამჟამინდელი მოდელისა, რომელიც ერთ საოპერაციო ცენტს მოიცავს, შესაძლებლობას მისცემს ამ ცენტრებს ახლოს იყვნენ იმ ობიექტებთან, სადაც მათ რეაგირება მოუწევთ. ამის შედეგად, როგორც სისწრაფე, ასევე სერვისების ხარისხი გაუმჯობესდება.
პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების მიმართულებით. საინვესტიციო გეგმა ითვალისწინებს, ყოველწლიურად ინვესტიციების განხორციელებას ინფრასტრუქტურაში. ამ მხრივ უნდა განისაზღვროს, ასევე მოკლევადიანი პერიოდი, რომელიც ინვესტიციების სამწლიან პერიოდს მოიცავს. აგრეთვე, 10 წლიანი, რომელიც თავისთავად გრძელვადიანია. ამასთან, გენერალური გეგმა, რომლის ვადა გახლავთ 25 წელი. აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების ქსელის განახლება არის ძალიან მასშტაბური”,- განაცხადა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლის გიგა ნადირაძის განმარტებით, აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%.
როგორც პრეზენტაციისას ითქვა, 2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება.
„თბილისში, წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია). მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც, რაც გულისხმობს: ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას“, - აღინიშნა პრეზენტაციაზე.
„ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის თქმით, ამ ეტაპისთვის, კომპანიაში უკვე არსებობს კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საოპერაციო მიმართულებებით.
როგორც მან განმარტა, 10 წლიანი გეგმის განხორციელების ფარგლებში, შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.
„ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ კომპანიის მიერ განხორციელებული სისტემური აუდიტის შედეგები. ასევე, საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი ხედვები, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი პერიოდისთვის, თუ რა განხორციელდება და რა შედეგები იქნება კონკრეტული მომხმარებლის მიმართ. დღეის მდგომარეობით ძირითადი გამოწვევა არის წყვეტების სიხშირე, ამ წყვეტების არეალი და აღმოფხვრის დრო. შესაბამისად, ჩვენი როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმა ორიენტირებულია აღნიშნული პრობლემების, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადაჭრასთან.
დაახლოებით 70% ქსელური ინფრასტრუქტურის არის 45 წლის და მეტი ასაკის. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის, რომ გავზარდოთ განახლების ტემპი, რათა ამ ყველაფერმა სწრაფად იქონიოს ზეგავლენა მომხმარებლებზე მიწოდებული წყლის ხარისხზე“, - განაცხადა გიგა ნადირაძემ.
„ჯივიპის“ ინფორმაციით, დღეისათვის, მხოლოდ თბილისში, კომპანია მართავს 4000 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 1500 კმ წყალარინების ქსელებს, 5 სათავე ნაგებობას, 3 ლაბორატორიას, 350 მ3 მოცულობის 113 სამარაგო რეზერვუარს, 64 სატუმბო და 156 წნევის გამაძლიერებელ სადგურს.