ნინო ბურჯანაძე - ევროკომისიის რეკომენდაცია ქვეყნისთვის  მართლაც დიდი წარმატებაა, თუმცა ეს არ არის საბოლოოდ ამოსუნთქვის მომცემი გადაწყვეტილება, ყველა მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს

ჩვენ ძალიან სწორად უნდა შევაფასოთ ის ეტაპი, რომელზეც ახლა ვართ და არცერთ შემთხვევაში თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება ყველაზე დიდი გამარჯვებაა ქართველი ხალხის, და სწორედ ხალხის განწყობას, ქმედებას და ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის ეს მართლაც დიდი წარმატებაა და ერთმნიშვნელოვნად კარგია, ეს არ არის საბოლოოდ ამოსუნთქვის მომცემი გადაწყვეტილება. ეს არის ეტაპი, რომელსაც ჩვენ მივყავართ ევროპისკენ და ევროკავშირისკენ. მაქსიმალისტები ვართ ქართველები და ხშირ შემთხვევაში ამ ჩვენი მაქსიმალისტობის გამო გარკვეული იმედგაცრუებები მოდის ხოლმე. ჩვენ ძალიან სწორად უნდა შევაფასოთ ის ეტაპი, რომელზეც ახლა ვართ და არც ერთ შემთხვევაში თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც, მედიამაც და ყველამ ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთოს, ეს არის ძალიან გრძელი გზა. როდესაც ყველას უნდა გაგვხარებოდა და ერთმანეთის კბენის და ერთმანეთის ყელში წვდომის სურვილი ნახევარი საათით მაინც უნდა გაგვქრობოდა, გუშინდელმა დღემაც აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. ვგულისხმობ ყველას - ოპოზიციის ურთიერთობას ხელისუფლებასთან, ხელისუფლების ურთიერთობას ოპოზიციასთან, ოპოზიციის ურთიერთობას ერთმანეთთან და ა.შ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე შეაფასა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ დღის წესრიგში უნდა დადგეს არჩევნების გზით ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გაშვების ამოცანა, რადგან სხვა შემთხვევაში, მათი აზრით, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა შეუძლებელი იქნება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა არასწორ პროგნოზებს აკეთებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ და ეს არ არის ამოცანა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია.

„როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, როდესაც ოპოზიციაში ხარ ყოველთვის არის ამოცანა, რომ შეცვალო ხელისუფლება, რადგან მიგაჩნია, რომ შენ უკეთესად გააკეთებ საქმეს ვიდრე ხელისუფლება. ოპოზიციის დიდი ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ მოგვცემდნენ სტატუსს. მოლოდინები სწორად უნდა დავსახოთ. ფაქტია და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ამ განცხადებების მიუხედავად სტატუსი მიიღო საქართველომ. არასწორ პროგნოზებს აკეთებს ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა და არა მარტო პროგნოზებს, არამედ არასწორად იქცევა და იმიტომაც არის ამდენი ხანი ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში და იმიტომაც არის იმის დიდი შანსი, რომ კიდევ დარჩეს ხელისუფლებაში. თვითონ ოპოზიციის სტრატეგია, რომ არასწორია ამას რად უნდა ლაპარაკი. დღეს რომ ეს ხელისუფლებაა ვისი ბრალია? ამ ხელისუფლების დამსახურება კი არ არის, ოპოზიციის ბრალია, რადგან 2020 წელს ოპოზიციამ არ იმოქმედა ისე როგორც უნდა ემოქმედა და ხალხის მანდატი გადააგდო, როდესაც პარლამენტში შევიდა და გაათეთრა ის პარლამენტი, რომელიც წესით ერთპარტიულ პარლამენტად უნდა დარჩენილიყო. ოპოზიციას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და როდესაც არასწორ შეფასებას აკეთებ, აუცილებლად დაუშვებ შეცდომებს. დღესაც მესმის განცხადებები, რომ ლამის მიუსამძიმრეს ხელისუფლებას. ემოციურად რამდენად აუჩუყდათ გული ევროკავშირის ჰიმნის მოსმენაზე ეს მეორე საკითხია და არ ვიცი - ვიღაცას ალბათ, აუჩუყდა ვიღაცას არა, მაგრამ პრაგმატულად, როცა ოპოზიცია ხარ, რატომ ხარ იმაში დარწმუნებული, რომ ხელისუფლება იმუშავებს იმისთვის, რომ არ მიიღოს ეს სტატუსი მაშინ, როცა ხელისუფლებას ამ სტატუსის მიღება ყველანაირად აწყობდა.

მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მაგრამ მე გარკვეული პაუზა მქონდა ეთერებში ზუსტად იმის გამო, რომ მე ვერ ვხედავ ოპოზიციის ვერც ერთიანობისკენ მიდრეკილებას და მცდელობას, ვერც იმას, რაც ევროპული ფასეულობების უმთავრესი ამოსავალია, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი შეგეძლოს და რა მთავარია აბსოლუტურ უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებში ვხედავ მცდელობას იმისა, რომ როგორმე გადალახონ ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში და ეს არ არის ამოცანა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია. ოპოზიციური პარტიების ქმედებები აჩვენებს იმას, რომ ყველა თავისკენ ექაჩება თავის წილ პოლიტიკურ მხარდამჭერებს, არ აცნობიერებს, რომ ერთადერთი რეალური გზა ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტის რეალურად შესაცვლელად ეს არის ოპოზიციური ერთობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და ერთადერთი პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი პარტიები ნურავინ ნუ იქნება ილუზიაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ, ასევე, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ „ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, მაგრამ გააჩნია ამას როგორ აკეთებ, გააჩნია როგორ კონტექსტში აკეთებ, გააჩნია რა ხდება ე.წ. საზღვართან“.

„როცა ხელისუფლება ხარ და თუ ფრენებს აღადგენ რუსეთთან, ის მაინც როგორ ვერ უნდა მოახერხო, რომ მსგავსი უმსგავსობები არ ხდებოდეს.

მე ვიცი, მე რას გავაკეთებდი ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი და მე ვიცი სწორედ ის, რომ სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა ახლა ე.წ. საზღვართან მიმართებაში, არც ოჩამჩირის ბაზა იქნებოდა. აგერჩიეთ და ნახავდით, რა იქნებოდა, ხომ არ ამირჩიეთ? ვინც აირჩიეთ, ხედავთ როგორც კეთდება. ნამდვილად ვიცი , რისი გაკეთება შემეძლო ქვეყნისთვის, ძალიან სწორ პოლიტიკას წარვმართავდი რუსეთის, ამერიკის შეერთებულ შტატების, ევროკავშირის და ყველა სხვა მიმართულებით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო