ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანობის შესახებ“, რომელშიც იგი მხარს უჭერდა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების უფრო მკაცრად აღსრულებას.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ სანქციების აღსრულებაზე ზედამხედველობა და ამ მიზნით, შექმნან ცენტრალიზებული ორგანო, ევროკავშირის დონეზე და შეიმუშაონ სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი.
ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების აღსრულებაზე, სათანადოდ დახუროს ევროკავშირის ბაზარი რუსული წარმოშობის წიაღისეული საწვავისთვის და დაუწესოს სანქციები რუსეთის ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას, "გაზპრომბანკს", მათ შვილობილ კომპანიებს, საბჭოებსა და მენეჯმენტს.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა იმუშაოს „დიდ შვიდეულთან“ ერთად, იმისთვის, რომ არსებითად შეამცირონ ფასების ზედა ზღვარი რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დააწესონ სრული აკრძალვა რუსული თხევადი გაზის იმპორტზე და ასევე სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, თუ ეს პროდუქცია რუსული ნავთობით იწარმოებოდა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააფართოონ სანქციები, რათა მოიცავდეს სრულ აკრძალვას რუსული წარმოშობის ან რუსეთის მიერ ევროკავშირში რეექსპორტირებული ბრილიანტებით ვაჭრობაზე. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოძებნოს სამართლებრივი გზები, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინის აღდგენისთვის მათი გამოყენების საშუალებას შექმნის.