საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ვორკშოფის“ - „PMBC-2023“, ფარგლებში, ვიზიტად მყოფმა მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის - CERN/IPPOG და ATLAS ექსპერიმენტის წარმომადგენლებმა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და ფიზიკის მიმართულების მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერითა და ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა სკოლის 100-ამდე მოსწავლე და მასწავლებელი ესწრებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჩატარდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებლის სახლის“ ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტის ზურაბ ბერიას განცხადებით, მასტერკლასით დაინტერესება დიდი იყო, ამიტომ „მასწავლებლის სახლმა“ სხვადასხვა პროექტში გამარჯვებული პედაგოგები შეარჩია, თავის მხრივ, სკოლებმა ის მოსწავლეები შეარჩიეს, რომლებიც წარმატებული პროექტების მონაწილეები არიან.
სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელის, CERN-ის ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ალექსანდრე შარმაზანაშვილის განცხადებით, „ვორკშოფის“, რომელსაც სტუ პარტნიორებთან ერთად ატარებს, მიზანია, მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების იდენტიფიცირება, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე, მის გარეთ და განხორციელდეს მათი პოტენციური ჩართულობა მაღალი პრესტიჟის მქონე სამეცნიერო კოლაბორაციაში.
„საჯარო ლექციის მიზანია, ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რა კვლევები ტარდება CERN-ში, ვინ არიან ჩართულნი მუშაობაში და რა საკითხები განიხილება მეცნიერთა შორის. რამდენიმე დღეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ვორკშოფი“ მიმდინარეობს. სწორედ, ამ ღონისძიების ფარგლებში გადავწყვიტეთ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ჩაგვეტარებინა საჯარო ლექცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები CERN-ში მიჰყავს. ჩვენ თანხვედრაში ვართ სამინისტროსთან და ვიდრე მასწავლებელთა ჯგუფი CERN-ს ესტუმრება, საჯარო ლექცია შევთავაზეთ. შევარჩიეთ თემატიკა, როგორიცაა, მაგალითად, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განვითარების ტენდენციები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ბირთვული კვლევის ექსპერიმენტები, რა ინოვაციებია ამ მიმართულებით და ასე შემდეგ. ინტერესი ძალიან დიდია, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა.
„ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „PMBC-2023“ მიმდინარეობს. „ვორკშოფში“ სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრისა და ორი უმსხვილესი კოლაბორაციის - CERN/IPPOG და ATLAS ექსპერიმენტის მეცნიერები მონაწილეობენ. „PMBC-2023“-ის სამეცნიერო ხელმძღვანელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ატლასის კომპიუტინგის კოორდინატორი, პროფესორი დარიო ბარბერისი და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი არიან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „PMBC-2023“-ის ფარგლებში სტუმრობენ: ეირიკ გრამსტადი - ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი; შონ რო - დოქტორი, ცერნის სინიორ-ფიზიკოსი, CERN-ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი; დარენ პრაისი - მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; დილია მარია პორტილო ქუინტერო – ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; ოლეგ სოლოვიანოვი – CERN-ATLAS სინიორ-ფიზიკოსი, პროფესორი, ATLAS-ის კალორიმეტრების სპოკსპერსონი. ჰანს-პიტერ ბექი - ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელი; პედრო აბრუ - ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-IPPOG კოლაბორაციის სპოკსპერსონი, პორტუგალიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ის ფიზიკოსი“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.