გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონთან დაკავშირებით, საგურამოში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ,,სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონთან დაკავშირებით, საგურამოში ჟურნალისტებთან გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონი პარლამენტმა 2023 წლის ივნისში მიიღო და მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. კანონი ადგენს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფლობის ვალდებულებას იმ სამრეწველო საქმიანობისთვის, რომელსაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების პოტენციალი გააჩნია.

როგორც შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღებით მოხდა გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზება.

მისი თქმით, მიმდინარე წელს პარლამენტმა 3 სრულიად ახალი კანონი მიიღო: „ემისიების შესახებ", „წყლის რესურსების მართვის" კანონი და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების" კანონი. ასევე, მეათე მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი.

„შეიძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უკვე გვაქვს 11 სრულიად ახალი კანონი, მათ შორის მიღებული გვაქვს კანონები გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით, რასაც გარემოსდაცვითი დემოკრატია ჰქვია. ახლა ვიმყოფებით აღსრულების ეტაპზე. ამ კანონებს დიდი ზეგავლენა აქვს ბიზნესზე, ამიტომ როგორც კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ასევე აღსრულების პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან. მეათე მოწვევის პარლამენტში, კომიტეტში, ბიზნესასოციაციასთან ერთად შეიქმნა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რადგან ის ახალი რეგულაციები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, სწორედ ბიზნესზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ინფორმირება თუ რას წარმოადგენს ეს კანონები. ერთი მხრივ, ეს არის სუფთა მომავალი ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის და მეორე მხრივ, ეს არის ახალი ვალდებულებები ბიზნესისთვის, რომელიც მათთვის შემაფერხებელი არ უნდა გახდეს და დიდი ვალდებულებები ასევე საჯარო სექტორისთვისაც, რადგან ჩვენ ერთად გადავდივართ ახალი მექანიზმების აღსრულებაზე, რაც საკმაოდ რთულია. ევროკავშირის ქვეყნებსაც წლები დასჭირდათ, რომ ეს დირექტივები სრულად აღესრულებინათ", - განაცხადა მაია ბითაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამრეწველო ემისიების შესახებ დირექტივა არის ევროკავშირის ერთ-ერთი კომპლექსური და რთული რეგულაცია.

„ეს რეგულაციები ეხება როგორც ახალ საწარმოებს, რომლებიც მომავალში გაიხსნება, ასევე უკვე არსებულ საწარმო ობიექტებს, რომლებსაც მოუწევთ გარკვეული სტანდარტების და რეგულაციების დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომ შეცვალონ თავისი ტექნოლოგიური პროცესი, გააუმჯობესონ დანადგარები, გააუმჯობესონ ტექნოლოგიები იმგვარად, რომ მათი საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს შემცირებული როგორც ჰაერში, ასე წყალსა და ნიადაგში", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ასევე კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება