თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთაშვილის გატაცების ფაქტზე 21 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს 13 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება

სოფელ კირბალში, საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთაშვილის გატაცების ფაქტზე 21 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს 13 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.

რეზოლუციის ძირითად არსს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი ქმედებების შეფასება და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების განსაზღვრა წარმოადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, წამებას, სიცოცხლის მოსპობას, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას, ძალადობის აქტებს და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებს განგრძობითი ხასიათი აქვს.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გმობს: -

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვას, საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და მათ უკანონო დაკავებას;

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 2023 წლის 6 ნოემბერს, ოკუპაციის ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას;

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების განგრძობით მილიტარიზაციას, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილება, ისევე როგორც, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა;

საქართველოს პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს: -

გადადგას ქმედითი ნაბიჯები ყველა იმ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, რომლებიც დღემდე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

დაუყოვნებლივ გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი საქართველოს მოქალაქეთა გატაცების, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, წამების და სიცოცხლის მოსპობის დანაშაულებრივი ფაქტები.

უმოკლეს ვადაში მთავრობის დადგენილებით, დაამატოს “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის N2070-II რეზოლუციაზე დაყრდნობით მიღებულ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის დადგენილებით განსაზღვრულ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელი არიან საქართველოს მოქალაქეების თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებაზე.

განსაზღვროს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში გატარებული ღონისძიებებისა და კონკრეტული შედეგების შესახებ 2024 წლის 1 მაისამდე.

უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ეფექტიანი მშვიდობის პოლიტიკის წარმოების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით.

გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომების გამოყენებით, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იყოს აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში და მოახდინოს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის; მათ შორის, მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანონო სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი განთავსების შესაჩერებლად, შავი ზღვის ფართო რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების კონტექსტში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება