ნათია თურნავა EBRD-ის ხაზინის  ხელმძღვანელს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხაზინის ხელმძღვანელს აქსელ ვან ნედერვენსა და ხაზინის წარმომადგენლებს ოდ პაკატესა და გურსუ კელესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის ფინანსური ბაზრების განვითარების, ფინანსური რისკების მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების მიმართულებით არსებული პროექტები.

ამასთან, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EBRD-ის ხაზინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვისაც, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„EBRD-ი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, EBRD-ი საქართველოში 286 პროექტს ახორციელებს, რაც ჯამურად 5 მილიონ ევრომდე ოდენობის ინვესტიციაა. ბანკის ინვესტიციები, ძირითად ისეთ სფეროებზეა მიმართული, როგორიცაა ფინანსური სექტორი, მდგრადი ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო საწარმოები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება