მეუფე შიო - თუ ადამიანი ერთ რომელიმე ცოდვას ემონება, ის, ზოგადად, ცოდვის მონა ხდება

თუ ადამიანი ერთ რომელიმე ცოდვას ემონება, ის, ზოგადად, ცოდვის მონა ხდება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან ანიშნა, ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი ემონება და ემორჩილება, ეს არის სიბილწე.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული მონაკვეთი უფალი იესო ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ, რომელიც, როგორც ყოველთვის, ბევრ რამეზე გვაფიქრებს. აქ ნაჩვენებია დამოკიდებულება ამ შეპყრობილისადმი ბოროტი სულისა, რომელიც ცდილობს, ეს ადამიანი სრულად დაიმორჩილოს და დაიმონოს, არაფერი დატოვოს მასში თავისი გავლენის გარეშე, რომ ბოროტი საქმეები მისი მეშვეობით აკეთოს.

იმ ძალას, რომელიც შევიდა ამ ადამიანში, შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერი ცოდვის სახელი, იმიტომ რომ, თუ ადამიანი ერთ რომელიმე ცოდვას ემონება, ის, ზოგადად, ცოდვის მონა ხდება. თუ რას ნიშნავს ამ ცოდვის მონობა (სხვათა შორის, წმინდა პავლე მოციქული ამაზე შესანიშნავად, დაწვრილებით საუბრობს), ეს ჩანს ამ კაცის ხვედრიდან. ხვედრი მისი ცხოვრებისა იყო ის, რომ მთელი სიცოცხლე ამ ბოროტების იარაღი გახლდათ, იყო უგუნურებაში, ტანჯვაში და ბოროტებას აკეთებინებდნენ მას.

მაცხოვართან რომ მიდის და უჩოქებს, უფალი კურნავს მას. ის ბოროტი სულები, რომლებიც ჩაბუდებულნი იყვნენ ღადარინელში, სთხოვენ მაცხოვარს, ღორების კოლტში შესვლის ნება დართოს. თქვენ გახსოვთ, რომ ებრაელებისთვის ღორები ნიშნავს უწმინდურებას. და ის, რომ ეშმაკებმა ეს აირჩიეს და სთხოვეს მაცხოვარს ღორებში შესვლა, ნიშნავს, რომ ყოველი ცოდვა, რომელსაც ჩვენ ვემონებით, ვემორჩილებით, ეს არის უწმინდურება, ეს არის სიბილწე. ასეთ დამონებას როგორი დასასრული აქვს, ესეც ჩანს იქიდან, თუ რა ბედი ეწია ამ ღორების კოლტს - ის განადგურდა, დაიღუპა. მას შეასრულებინეს ბოროტი საქმე, გამოიყენეს და შემდეგ გაანადგურეს.

აქედან ჩანს დამოკიდებულება საერთოდ ბოროტი სულებისა ყოველი ჩვენგანისადმი; თუ გნებავთ, ჩვენი ოჯახებისადმი, ჩვენი ეკლესიისადმი, ჩვენი ქვეყნისადმი და, ზოგადად, ყველასადმი.

კიდევ რა იწვევს გაოცებას სახარების ამ მონაკვეთიდან? - ეს გახლავთ ღადარინელი მოსახლეობის დამოკიდებულება. მათ მშვენივრად უწყოდნენ, როგორ იტანჯებოდა ეს კაცი, რაოდენ მძიმედ იყო ავად, როგორ განკურნა იგი უფალმა იესო ქრისტემ და რა ფასად განკურნა, რომ ფასი ამ განკურნებისა იყო მათი ღორების კოლტის დაღუპვა. და იმის ნაცვლად, რომ გაიხარონ და სთხოვონ მათთან დარჩენა, ისინი მოდიან უფალთან და ეუბნებიან: ,,უფალო, წადი ჩვენგან, ჩვენი ქალაქიდან, ნუღარ აღასრულებ ამ შენს სასწაულებს, ჩვენ არ გვჭირდება არც შენი საღვთო ძალა, არც შენი საღვთო სიყვარული, იმიტომ რომ ეს ძალიან წამგებიანია ჩვენთვის". აი, ასეთ რამეს სთხოვენ ისინი მაცხოვარს.

ჩვენ ალბათ არ უნდა ვიფიქროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ეს სახარება ჩვენ არ გვეხება, იმიტომ რომ მეტად თუ ნაკლებად ყოველი ჩვენგანი ემორჩილება ხოლმე სხვადასხვა ვნებას, სხვადასხვა ცოდვას, ვემონებით ხოლმე, გვიპყრობს ეს ვნებები. ვის არ აწუხებს გაღიზიანება, წყენა, სიძულვილი, განკითხვა, სევდიანობა, ამპარტავნება და ა.შ. ასე რომ, მეტ-ნაკლებად ჩვენც ამ ვნებების გავლენის ქვეშ ვექცევით ხოლმე. ამ ბოროტი ძალების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მოახდინონ გავლენა, გვტანჯონ, და დაგვღუპონ ჩვენ.

ამიტომ, დღევანდელი სახარება გვაფიქრებს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს თავზე, რომ პასუხი გავცეთ ღმერთსაც და ჩვენს თავსაც - ვინ ვარ მე? ვისთან ვდგავარ და რა მსურს ამ ცხოვრებაში? გვინდა, რომ მატერიალური სარგებლის გამო უარი ვუთხრათ უფალს, ზურგი ვაქციოთ მას და ამით ამ ღორებს მივემსგავსოთ და დავიღუპოთ? თუ გვსურს, რომ როგორც იყო ნათქვამია სახარებაში - ამ ეშმაკეულის მსგავსად გონს მოსულები მივეახლოთ უფალს, მის ფერხთით დავრჩეთ, განვიკურნოთ, გავთავისუფლდეთ ბოროტი ძალებისგან და ვემსახუროთ მას, რომელიც არის მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა და რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოით მამით, ყოვლად წმინდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ვლოცავთ საქველმოქმედო ფონდების „ცხოვრება მშვენიერია“ და „საფარველის“ წარმომადგენლებს და ამ ფონდებს. ეს ორი ფონდი წლების განმავლობაში ახორციელებს მრავალ პროექტს და შემოსულ თანხას სრულად ახმარს შერჩეულ ბენეფიციარებს, როგორებიცაა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვები, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები.

დღეს დასალოცად მობრძანდნენ ამ ფონდების დამფუძნებლები, ბატონი ნიკოლოზ ესაკია და ქალბატონი ნანა შავგულიძე. ასევე ამ ფონდების სხვა წარმომადგენლები.

ღმერთმა დაგლოცოთ და ეს კეთილი საქმე კიდევ მრავალი გაკეთებინოთ. გაიხარეთ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა