2023 წელს რაჭასა და გურიაში სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების მაგალითზე, საია-მ საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით საადვოკაციო დოკუმენტი მოამზადა.
საია-ს განმარტებით, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს, რომ გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე, გამოაქვეყნოს ის შინაარსი, რომელიც არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას მიმოიხილავს და იმ გარემოებებს გამოკვეთს, რომლის ანალიზიც მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს, რამ გამოიწვია სტიქიური მოვლენები, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, მათი თავიდან აცილების მიზნით.
საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის და რეაგირებისთვის, სათანადოდ ჩამოყალიბებული არ არის და ამასთან, იმ საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს, რომელთა ხელმომწერიც საქართველოა.
მისივე განმარტებით, საადვოკაციო დოკუმენტი საქართველოში ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზს ეფუძნება, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო ვალდებულების ჭრილში, ამასთან, ამ სფეროში არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებს, სტრატეგიებს და სამოქმედო გეგმებს განიხილავს.
„მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება, როგორია სახელმწიფოს რეაგირება ასეთ დროს, როგორია ჩვენი კანონმდებლობა, პასუხობს თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე, როგორ მიმდინარეობს ახლა გამოძიება, საკმარისია თუ არა ის მიმართულება, რომელიც ახლა, საგამოძიებო ორგანოებს აქვთ არჩეული, იმისათვის, რომ ამ საკითხებზე საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. ამიტომ, ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციის მიზანი ის არის, რომ მთავარი საკვანძო კითხვები დავსვათ ყველა მიმართულებით. ამის პარალელურად, ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ, შესაბამისი უწყებებისთვის მიმართული გვაქვს და მათგან საჯარო ინფორმაციას ველოდებით. თუმცა, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, დღითიდღე უფრო ცუდი მდგომარეობაა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იოლი არ არის. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა, ამ დოკუმენტებზე სრულყოფილი ინფორმაცია დროულად ვერ მივიღოთ. მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ, შევხვდებით სხვადასხვა უწყებას და იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ეს დოკუმენტი მათი საადვოკაციო აქტივობებისთვის გამოიყენონ. პირველ ეტაპზე, რაც ჩანს არის ის, რომ კანონმდებლობა სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის და რეაგირებისთვის, სათანადოდ ჩამოყალიბებული არ არის. ის იმ საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს, რომლის ხელმომწერიც საქართველოა. ასევე, რეაგირების დროს დაშვებული იყო თუ არა რაიმე ტიპის გადაცდომები, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია. ეს არის გამოძიების საკითხი და ამ დღისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ის ეფექტიანად და სწორი კვალიფიკაციით არ მიმდინარეობს.
ჩვენ მიმართული გვაქვს, როგორც შსს-სთვის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებისთვის, გარემოს დაცვის შესაბამისი უწყებებისთვის“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.