ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და იცით რამხელა პროექტებიც გვაქვს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე დამტკიცდება ახალი ბრძანება, რომ სკოლების სასადილოებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს.
"ჩვენ რომ ამ საკითხის განხორციელება დავიწყოთ, რიგი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი - ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, ზოგადად სკოლის შენობაში ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და იცით რამხელა პროექტებიც გვაქვს. როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ შემდეგ ეტაპობრივად იქნება ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა. პირველი პრობლემა რაც არის - ეს არ არის ფინანსური და სოციალური პრობლემა, ჩვენ სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ისედაც ვეხმარებით. აქ არის საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჭირო და ეს რომ გავაკეთოთ ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით აქ მთავარია გვქონდეს ინფრასტრუქტურა.
სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ცალკე ჯგუფი გამოიყო და აიდენტიფიცირებს იმ სკოლებს, სადაც შესაძლებელია ამის პირველ ეტაპზე დაწყება და სად რა მდგომარეობა გვაქვს, აღწერა მიმდინარეობს. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა, რომელიც სწორედ ამ მეთოდოლოგიებზე - ბავშვების სკოლაში კვებაზე მუშაობს და ეხმარება სახელმწიფოებს, ამიტომ გვინდა საერთაშორისო პრაქტიკაც ოფიციალურად გავიზიაროთ და ამ კუთხით გაწევრიანებაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ამ პროცედურებს დავასრულებთ.
იქ, სადაც ახლა უკვე მოქმედებს სკოლის ბუფეტები, სადაც ეს შესაძლებელია, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც წლებია არ განახლებულა და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს გვაქვს, ამიტომ უახლოეს მომავალში ყველა უწყების, მათ შორის, მშობელთა ასოციაციის, ჩართულობით ეს ბრძანება განახლდება, დამტკიცდება და შევა ძალაში. ეს მოხდება წლის ბოლომდე, რომ არსებულ ბუფეტებში რა სიტუაციებიც გვაქვს გამოსწორდეს და შემდეგ გადავიდეთ მეორე ეტაპზე", - განაცხადა მინისტრმა.