გიორგი ამილახვარი პრეზიდენტის განცხადებაზე - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უტიფარი განცხადება ვერ დააზიანებს იმ სწორი გეზით აღებულ ურთიერთობას, რომელიც საქართველო-ჩინეთს შორის ყალიბდება

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირდაპირ ვიტყვი, უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით, სწორი გეზით აღებულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ყალიბდება,- ასე აფასებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, საზოგადოებას არაერთხელ უნახავს სალომე ზურაბიშვილის გადამეტებული, არაეთიკური და არადიპლომატიური განცხადებები.

"საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის იცით, რომ წელს, პრემიერ-მინისტრის უმაღლესი დონის ვიზიტის დროს შედგა შეთანხმება, სადაც ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორი გახდა სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში უაღრესად იზრდება და ვითარდება ვაჭრობა, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები, ასევე გვაქვს გარკვეული პროექტები განათლების კუთხითაც, სოფლის მეურნეობის კუთხით და სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობის კუთხით. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი ორი ქვეყნის ხელმძღვანელების და ზოგადად, ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყნებს შორის მდგრადად განვითარდეს ურთიერთობები ორივე ქვეყნის ურთიერთობიდან გამომდინარე და ბუნებრივია, ამას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ეს განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში კანონის საფუძველზე ასევე ხალხის გადაწყვეტილებით ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, მისი ეს გამონათქვამი თუ ფრაზა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირი პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და არ აქვს ამ კუთხით არანაირი მნიშვნელობა. სხვა ფორმალური კუთხით, ბუნებრივია, ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვეთს საქართველოს მთავრობას და შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ამიტომ, ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, არაერთხელ გვინახავს ქალბატონი პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ არადიპლომატიური განცხადებები, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა. ამიტომ, ამ კუთხით, ბუნებრივია, არ გვიკვირს მისი ქმედებები. თუმცა, მისი ეს ფორმალური განცხადება ვერანაირი პოლიტიკური, თუ სხვა სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და ვერ იქნება, ის ვერ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირდაპირ ვიტყვი, უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით, სწორი გეზით აღებულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის ყალიბდება“-განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია?- არა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა