დარწმუნებულები ვართ, რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად, მნიშვნელოვნად გაიზრდება-ოპოზიციამ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც კობახიძემ განმარტა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი წინა არჩევნებთან შედარებით გაზრდილია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 20%-მდეა ჩამოსული.
„რაც შეეხება ოპოზიციის შემცირებულ რეიტინგებს, ამასაც აქვს მიზეზები. ხედავთ, რა მდგომარეობაა ოპოზიციის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებაა, სხვა პარტიები აღარც არსებობს რეალურად. ასეთ ვითარებაში, გასაგებია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოსულია 20%-მდე, სხვა პარტიებს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. ვითარების ზუსტი ასახვაა, რაც ქვეყანაშია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოპოზიციას აგებული ჰქონდა კამპანია კანდიდატის სტატუსზე. იცით, რომ აქაც სერიოზული მარცხი განიცადეს. ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა. ეს კვლევაც მანამდეა ჩატარებული, სანამ ევროკომისია დასკვნას გამოაქვეყნებდა. დარწმუნებულები ვართ, რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად, მნიშვნელოვნად გაიზრდება. საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ოპოზიციამ ყველაფერი. დეზინფორმაციული კამპანიები, რევოლუციის მცდელობები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საბოლოოდ ნეგატიურად აისახება ოპოზიციის რეიტინგზე. ამ ქვეყანაში ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია სთავაზობს“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, არამხოლოდ უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილები პარლამენტში, არამედ შეუძლიათ 100 მანდატზე ჰქონდეთ პრეტენზია.
"ჩვენი მონაცემების მიხედვით, ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ყველა კვლევაში 50%-ზე მეტი გვქონდა, 55%-ზე მეტი იყო უმეტეს შემთხვევაში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის 20%, ან ნაკლები. დღევანდელი მონაცემებით სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნოდ რეიტინგი კიდე უფრო გაიზარდოს. დღევანდელი მონაცემებით, არამხოლოდ უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში, არამედ შეგვიძლია 100 მანდატზე გვქონდეს პრეტენზია. მთელი ამ დროის განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ომის პარტია ორიენტირებული იყო მშვიდობის დარღვევაზე, ეკონომიკა დაეზიანებინათ, რა თქმა უნდა, საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ომის პარტიას“,-აღნიშნა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების სტაბილურად განვითარებისთვის.
„გახსოვთ, გასულ წელს გავეცით დაპირება, რომ თუ გასული წლის დეკემბერში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ბოლომდე, დავწევდით ბარიერს. ლოგიკა იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება გასულ წელს შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს, ასეთ პირობებში ლოგიკური იქნებოდა შედარებით დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება. ეს იყო კონკრეტული გზავნილი კონკრეტული ძალების მიმართ, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. შევთავაზეთ, არ დაებლოკათ გასულ წელს სტატუსი და დავწევდით ბარიერს. მათ სხვა გზა არჩიეს. ისევ დაბლოკეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება დეკემბერში, გააღვივეს პოლარიზაცია, 1 წელი აძახებინეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ რუსული ძალა ვიყავით, არ გვინდოდა კანდიდატის სტატუსის მიღება. შეეძლოთ, არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ჩვენ დავწევდით ბარიერს, თუმცა წავიდნენ ვა-ბანკზე, რევოლუციის მოწყობა სცადეს. არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელია“.
რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - 4%
„ლელო“ - 4%
„ევროპული საქართველო“ - 3%
„საქართველოსთვის“ - 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%
„ლეიბორისტული პარტია“ - 2%
„მოქალაქეები“ - 1%
„გირჩი“ - 1%
სხვა 5%
„იმედის“ ცნობით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოიკითხა. მათი ინფორმაციით, საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.