საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, 13-20 ნოემბერს, თანასწორობის კვირეული უკვე მეხუთედ, გაიმართება.
მათივე ცნობით, თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიურობის ხელშეწყობას და ამავდროულად, საზოგადოების ინფორმირებას დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შესახებ.
„თანასწორობის კვირეულის გახსნითი ღონისძიება 2023 წლის 15 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „წინააღმდეგობის ძაფები“. გამოფენა აერთიანებს შვიდი ავტორის ნამუშევარს, რომლებიც ასახავს განსხვავებულობის მრავალმხრივ გამოცდილებებს და გვესაუბრება მის თანმდევ გრძნობებსა და ემოციებზე. გამოფენას წინააღმდეგობის, ხშირად უხილავი, მაგალითები გამოაქვს დღის სინათლეზე და წარმოადგენს ანდრო დადიანის, სალომეა ბაუერის, დინა ოგანოვასა და Chai Khana-ს ნამუშევრებს. გამოფენის პარალელურად, თემის სამი წარმომადგენელი: ბექა გაბადაძე, ქამრან აფენდიევი და ნესტან ანანიძე წარდგება საინტერესო გამოსვლებით TED Talks-ის სტილში, თემაზე: „ჩემი თანასწორობის ისტორია“.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: ნატალია ვუტოვა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი; ბერგლიოტ ჰოვლანდი, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში და მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში. გამოფენის კოორდინატორი - თუთა ჩხეიძე სახელოვნებო ჯგუფი „კოლექტიური მარცხიდან", აუდიტორიას გააცნობს თითოეული ნამუშევრის მიღმა არსებულ გზავნილს.
2023 წლის თანასწორობის კვირეულის ძირითადი გზავნილია „მე ვირჩევ თანასწორობას“. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს კოლექტიური ცნობიერებისა და პატივისცემის ამაღლებას მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მიმართ.
დაგეგმილი აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.