საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი, რექტორის ინიციატივით და მხარდაჭერით სტუ-ის „ქალთა ასოციაციაა“, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი ღირსება და უფლებებია. თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია, რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია, მრწამსი. ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს.

„საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. დღეს ჩვენი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და შევქმნათ გარემო, სადაც ყველა სტუდენტი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ცხოვრების, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი - ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ ტოლერანტობას საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში - ეს არის ჩვენი მორალური ვალი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები სწავლობენ, მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულება კი სტუდენტებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებაა. სასიხარულოა, რომ ამ მოვალეობას ჩვენი მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები ღირსეულად ასრულებენ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო სტუდენტებს წარმატებები უსურვა.

როგორც ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეთნოსი სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტუდენტურ ცხოვრებაში.

„დღეს საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა უნივერსალურ პასუხისმგებლობას აკისრებს არამარტო ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, მით უფრო, ჩვენ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. რექტორის მხარდაჭერით უნივერსიტეტში საუკეთესო გარემოა შექმნილი იმისათვის, რომ აქ უცხოდ არავინ იგრძნოს თავი. უნივერსიტეტი ჩვენი, ყველას სახლია და ამ გარემოსთვის მადლობა აკადემიკოს დავით გურგენიძეს. წარმატებები მინდა ვუსურვო სტუდენტებს, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში, რომელშიც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისა და ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების წინაშე სპექტაკლით - „შინაბერას დაბადების დღე“, წარსდგა.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
იოსებ მურმანიშვილი - ოსტეოართრიტის სამკურნალოდ კლინიკა „ნიუმედი“ პაციენტებს ინექციური მკურნალობის მეთოდს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას და შესაბამისად ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ევროკავშირი პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს აქვეყნებს
TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში
.ge დომენი წელიწადი 1 ლარად - Domenebi.ge-ს მომხმარებლებს დომენების 2 წლით შეძენა 51 ლარად შეუძლიათ
გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი