რომან კაკულია - ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსიც და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მაგრამ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა ფასია ამისთვის გადასახდელი და შეგვიძლია თუ არა ამისი გადახდა

ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსიც და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მაგრამ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა ფასია ამისთვის გადასახდელი და შეგვიძლია თუ არა ამისი გადახდა, - ამის შესახებ ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად საჭიროა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლებაც მისცენ.

„ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსიც და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მაგრამ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა ფასია ამისთვის გადასახდელი და შეგვიძლია თუ არა ამისი გადახდა. ასევე, რა წინააღმდეგობებს ველოდებით და ვართ თუ არა ამისი დამძლევი. მსგავსი კითხვა ხომ ლეგიტიმურია და მისი ავტორი ანათემას რატომ უნდა გადაეცეს? გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც მართლა აქვს შინაგანად რუსული ნოსტალგია და ის, ალბათ, სათავისოდ იყენებს ამ რეალურად არსებულ მოცემულობას, რადგან მისი ეს შინაგანი მდგომარეობა, რომ არასდროს არ იყო გასაგები ევროპული ღირებულებების რეალური ფასეულობა, კომფორტულია.

თუ მართლა დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება გვინდა, ერთმანეთს უნდა მივცეთ ერთმანეთისთვის გაუგებარ საქმეზე არსებული მოსაზრებების უფლება. თუ ამას არ გავაკეთებთ, ყველამ დავანებოთ დემოკრატიაზე საუბარს თავი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამასთან, რომან კაკულიამ ისაუბრა იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს რუსეთთან და აღნიშნა, რომ რუსეთს გაცილებით მეტი აგრესიის გამოვლენა შეეძლო.

„თუ ჩვენ კიევის მაგალითს ავიღებთ, რაც იქ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოხდა, რუსეთს უფრო მეტი აგრესია შეიძლებოდა გამოევლინა. რუსეთისთვის ეს არის ერთი პაკეტის ნაწილი -დემოკრატიის ლიბერალური განვითარება, ევროინტეგრაცია და ნატოს პაკეტი. თუ ჩვენს შემთხვევაში ეს პაკეტი დაიშალა და ვინმემ ეს მოლაპარაკება მასთან არ აწარმოა, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ.

აქ არჩევანი იმაზე არ არის, დასავლეთი გირჩევნია თუ აღმოსავლეთი. საუბარი იმაზეა, რომ დასავლეთისადმი უკომპრომისო ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შენ დაცულობის რა ხარისხს გთავაზობს დასავლეთი. თუ ამისთვის ეს პაკეტი არ დაშლილა და ევროკავშირში გაწევრიანებით დიდი აგრესია უნდა მივიღოთ, ეს საკითხი თავიდან არ დგება? - ამაზე არ საუბრობენ.

მე არ მაქვს ხელისუფლებასთან ის ურთიერთობა, რომ ვიცოდე რას აკეთებენ, თორემ მე პირველი რასაც გავაკეთებდი იქნებოდა, რომ ოფიციალურ დელეგაციას სადმე, მესამე ქვეყანაში შევხვდებოდი. გავარკვევდი ეს პაკეტი ჩვენს შემთხვევაში დაიშალა თუ არა. აქედან გამომდინარე, მერე შენი შესაძლებლობები ხომ უნდა შეაფასო? თუ საბრძოლოა - უნდა ვიბრძოლოთ, თუ მობილიზებაა საჭირო, უნდა მოვბილიზდეთ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება ბოლო კვირებში გამოქვეყნებულ სამ სოციალურ კვლევას, რომან კაკულიამ ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კვლევების მიხედვით გამოკვეთილი ორპოლუსიანობა დემოკრატიის აუცილებელი პირობაა, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ამ პოლუსზე მყოფი ადამიანები „მზად არიან ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ“.

„ორპოლუსიანობა დემოკრატიის აუცილებელი პირობაა, აქ პრობლემა ის არის, რომ ამ პოლუსებზე მყოფი ადამიანები მზად არიან, რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად დემოკრატიის არსი არ აქვს საზოგადოებას გათავისებული. მას არ აქვს მისგან განსხვავებული აზრის მიღების უნარი“, - განაცხადა კაკულიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ