გიორგი ამილახვარი - ანტიკორუფციული საკითხების განათლებაში ინტეგრირების შედეგად, უფრო მომზადებული ახალგაზრდა თაობა გვეყოლება, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აკადემიური წრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კუთხით განათლების სისტემაში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ მოსწავლეებში სასკოლო ასაკიდანვე შეუწყოს ხელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი შეხედულებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური განხორციელება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, პლატფორმები, საერთაშორისო კონვენციები და სხვა.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ამ მიზნით ისეთი დამოუკიდებელი ძლიერი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიც არის ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო.

ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს თავიდანვე ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლას და რა მექანიზმები და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს ამ მიმართულებით.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი თემაც სწორედ ეს გახლავთ - საგანმანათლებლო პროგრამებში, უნივერსიტეტებში და, მათ შორის, სკოლებში აქტიურად დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მთავარი საფუძვლების, საწყისებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანტიკორუფციული საკითხების განათლებაში ინტეგრირების შედეგად, გვეყოლება უფრო მომზადებული ახალგაზრდა თაობა, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებმა.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, პროფესორებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში განათლების როლზე გაამახვილეს ყურადღება და ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შესაბამის დეკლარაციას.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა