ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოში ეუთო-ს პრეზიდენტის პია კაუმას და დელეგაციის ვიზიტზე და ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონულ როლზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის მიერ საოკუპაციო ხაზის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება. იმ პირების, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამო უკვე 15 წელზე მეტია (ზოგიერთი - 30 წელია) ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თბილისი, როგორც მოლაპარაკებების ადგილი და ვიმედოვნებთ, რომ იმ ვალდებულებით, რომელიც ორივე მხარემ საჯაროდ გამოთქვა და აიღო, ჩვენ შევძლებთ უახლოეს თვეებში აღვნიშნოთ გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს ორ მოძმე მეზობელ ქვეყანას შორის. ჩვენი მხრიდან, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა გამოეხმაურა.

„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა. ახლა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც უფიციალურად რამდენიმე კვირაში, დეკემბერში გამოცხადდება," - განაცხადა პია კაუმამ და აღნიშნა, რომ ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის კუთხით.

„ჩვენ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, გავეცანით არსებულ ვითარებას. ვნახეთ როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ ვითარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები. ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე, სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

შეხვედრაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს